შიგაწვის ძრავიანი Hot Hatch-ი ნელ-ნელა ქრებიან, თუმცა ავტომწარმოებლები ცდილობენ ეს ნაპერწკალი მათ მძლავრ ელექტრომობილებად (EV) გარდაქმნით შეინარჩუნონ. ისეთი მოდელები, როგორებიცაა Alpine A290, Cupra Born VZ და Mini John Cooper Works, მიზნად ისახავენ ავტოენთუზიასტების მიზიდვას, მიუხედავად იმისა, რომ მათ ბენზინის ძრავი ან მექანიკური გადაცემათა კოლოფი არ გააჩნიათ. ცოტა ხნის წინ Peugeot-ს ელექტრო Hot Hatch-ის რიგებს E-208 GTi-ით შეუერთდა, Volkswagen-ი კი მათ კვალს მალე გაჰყვება „ცხელი“ ID. Polo-თი, რომელიც იმავე GTI სუფიქსს ატარებს. ელექტრომობილებისთვის ამ საკულტო ემბლემების ხელახლა გამოყენება აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, თუმცა ეს ერთადერთი გზაა ევროპაში მათ შესანარჩუნებლად. „ევრო 7“ სტანდარტის მოახლოებასთან და CO₂-ის ემისიების კიდევ უფრო მკაცრ მიზნებთან ერთად, რომლებიც ძალაში 2030 და 2035 წლებში შევა, შიგაწვის ძრავიანი Hot Hatch-ბი განწირულები არიან.

ამასობაში, Opel-იც ერთვება ჰეჩბექების წვეულებაში. ახლა უკვე შიგაწვის ძრავის გარეშე. ფაქტობრივად, Corsa GSE არის რიუსელსჰაიმის ვერსია ზემოხსენებული E-208 GTi-ისა. ის ინარჩუნებს წინა წამყვან თვლებს (FWD), ზუსტად ისე, როგორც Corsa OPC ბენზინზე მომუშავე Hot Hatch-ის დიდების ხანაში. Peugeot 208 GTi-ის მსგავსად, ახალი Opel Corsa GSE გამოიმუშავებს 278 ცხენის ძალასა და 345 ნიუტონ-მეტრს. წინ განთავსებული ელექტროძრავი მას არა მხოლოდ ყველაზე მძლავრ Corsa-დ აქცევს ისტორიაში, არამედ ამჟამად გაყიდვაში არსებულ ყველაზე სწრაფ Opel-ადაც. მას სულ რაღაც 5.5 წამი სჭირდება 100 კმ/სთ სიჩქარის განსავითარებლად, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე ელექტრონულად შეზღუდულია 180 კმ/სთ-ზე.

გაძლიერებული ძრავის გარდა, Corsa GSE აღჭურვილია: Torsen-ის თვითბლოკირებადი დიფერენციალით (LSD) და უფრო ხისტი დაკიდების სისტემით. ეს უკანასკნელი კი ნიშნავს, რომ მოსახვევში მძლავრი ელექტროძრავის მომენტალური თორქი საბურავების უაზრო ბუქსაობაში კი არ დაიკარგება, არამედ დიფერენციალი ძალას იმ ბორბალზე გადაანაწილებს, რომელსაც გზასთან უკეთესი მოჭიდება ექნება და მოსახვევებიდან გამოსვლისას ტრაექტორია იდეალურად დაიჭიროს. Opel-მა დააკორექტირა საჭის მართვა უფრო აზარტული ტარებისთვის და კიდევ უფრო დახვეწა გაზისა და მუხრუჭის პედლების რეაგირება. როგორც წინა, ისე უკანა ღერძები ექსკლუზიურად GSE-სთვისაა შექმნილი, ისევე როგორც Alcon-ის გაუმჯობესებული ოთხდგუშიანი მუხრუჭები, რომლებიც 18-ინჩიანი დისკების მიღმა იმალება. ოპელს ქარხნულად Michelin Pilot Sport 4S 215/40 R18 საბურავები უყენია.

ელექტროძრავი ენერგიას იღებს ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკისგან, რომლის წმინდა ტევადობა 51 კვტ/სთ-ია. მიუხედავად იმისა, რომ სვლის მარაგის ზუსტი ციფრი ჯერ ცნობილი არ არის, სავარაუდოა, რომ ის გადააჭარბებს Mokka GSE-ის 336 კილომეტრს (WLTP ციკლით). ეს უკანასკნელი, ფაქტობრივად, კროსოვერ ვერსიას წარმოადგენს და ოდნავ მეტს იწონის, ამიტომ ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ უფრო მსუბუქი სუპერმინი ოდნავ უფრო ეფექტური იქნება. წონაზე თუ მიდგა საქმე, Corsa GSE სასწორზე დაახლოებით 1,550 კილოგრამს აჩვენებს, რაც, ელექტრომობილის კვალობაზე, მაინცდამაინც ბევრიც არ არის, თუმცა არც ცოტაა. Opel-ის დიზაინრებმა იზრუნეს ვიზუალზეც და ავტომობილი უფრო აგრესიული Body Kit-ით აღჭურვეს.

სალონში, გაუმჯობესებულ წინა სავარძლებს, რომლებსაც უფრო ძლიერი გვერდითი საყრდენები (Lateral Support) აქვთ, კონტრასტული ყვითელი უსაფრთხოების ღვედები აკომპანირებს. ვიზუალს ასრულებს Alcantara-ს დეტალები, ალუმინის სპორტული პედლები და ყვითელი ნაკერები მკლავის დასაყრდენსა და კარის პანელებზე.

დასკვნა: რა თქმა უნდა, ავტოკულტურის ძველი სკოლის წარმომადგენლებისთვის ელექტროძრავზე GSE ან OPC ემბლემების დანახვა ყოველთვის დარჩება კამათის საგნად. თუმცა, რეალობა მკაცრია. ტრადიციული შიგაწვის ძრავით ეს მანქანები უბრალოდ ვეღარ იარსებებდნენ. Corsa GSE არ ცდილობს წარსულის იმიტაციას; ის გვთავაზობს ახალი ეპოქის ციფრულ დრაივს, სადაც 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას სულ რაღაც 5.5 წამი სჭირდება. ჰეჩბექების ეპოქა არ სრულდება ის უბრალოდ ფორმას იცვლის და Opel-ი ამ თამაშში თავის წესებს ამკვიდრებს