Mercedes-Benz-ის აღმასრულებელი დირექტორის, ოლა კალენიუსის განცხადება The Wall Street Journal-თან, რომლის მიხედვითაც კომპანია განიხილავს თავდაცვის სექტორში საქმიანობის გაფართოებას, არ არის მხოლოდ ლოკალური კორპორატიული გადაწყვეტილება. ეს ერთგვარი სიგნალია გლობალური ინდუსტრიული ლანდშაფტის ფუნდამენტური ცვლილების შესახებ, სადაც ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიები ხდება კომპანიების მდგრადობის გარანტი.

Mercedes-Benz-ს აღნიშნულ ინდუსტრიასთან, საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს და ეს მესიჯი არ უნდა იყოს მკითხველისთვის ახალი, ან რაიმე უცნაური. მოდით გავიხსენოთ ისტორია. 1926 წელს Daimler-Motoren-Gesellschaft-ისა და Benz & Cie-ს შერწყმამ შექმნა ინდუსტრიული ჰოლდინგი, რომლის დამფუძნებლები გოტლიბ დაიმლერი და კარლ ბენცია. ჯერ კიდევ XIX საუკუნის ბოლოს, ისინი მუშაობდნენ ძრავებზე, რომლებიც შემდგომში სამხედრო სატრანსპორტო საშუალებების გულად იქცა. ხოლო მოგვიანებით 30-იან წლებში გერმანიის არმიის გადაიარაღების (Aufrüstung) პროცესში, Daimler-Benz-ი ვერმახტის მთავარი მიმწოდებელი გახდა. მაშინდელი წარმოება მოიცავდა არა მხოლოდ სატვირთოებს, არამედ Messerschmitt-ის გამანადგურებლებისთვის განკუთვნილ მაღალტექნოლოგიურ DB სერიის ძრავებსაც. ამ პერიოდმა კომპანიას მისცა უნიკალური საინჟინრო ექსპერტიზა, რომელიც მრავალი ათწლეულის განმავლობაში განსაზღვრავდა მის საწარმოო სიმძლავრეებს.

დღეს, როდესაც კომპანიის საწარმოო საბჭოს წევრი მიხაელ შიბე აცხადებს, რომ უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიზნებისთვის განკუთვნილი ავტომობილების წილი გაყიდვებში 1%-ზე ნაკლებია, ცხადი ხდება, რომ Mercedes-Benz-ისთვის ეს სექტორი ლურჯი ოკეანის სტრატეგიას წარმოადგენს. ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს გადაწყვეტილება რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული:
- ბაზრის დივერსიფიკაცია: ფართო სურათი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ევროპა თავდაცვის ხარჯებს სწრაფად ზრდის. ევროკომისიის Readiness 2030, იგივე ReArm Europe, მიზნად ისახავს თავდაცვის მიმართულებით €800 მილიარდამდე რესურსის მობილიზებას. SIPRI-ის 2026 წლის მონაცემებით, გერმანიის სამხედრო ხარჯები 2025 წელს 24%-ით გაიზარდა და $114 მილიარდს მიაღწია, ხოლო ქვეყნის სამხედრო ხარჯმა მშპ-ის 2.3% შეადგინა. NATO-ს მონაცემებითაც, 2025 წელს ალიანსის ყველა წევრმა უკვე მიაღწია ან გადააჭარბა მშპ-ის 2%-იან თავდაცვით მიზანს. ამ გარემოში, თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტები იძლევა გრძელვადიან, პროგნოზირებად შემოსავალს, რაც კომპანიის ფინანსურ სტაბილურობას ამყარებს.
- სინერგია: „Tytan Technologies"-თან თანამშრომლობა და დრონების საწინააღმდეგო სისტემებისთვის Mercedes-Benz Sprinter-ის გამოყენება მიუთითებს, რომ კომპანია ეფექტურად იყენებს არსებულ საწარმოო ხაზებს რათა მინიმალური კაპიტალური დანახარჯებით შევიდეს მაღალტექნოლოგიურ ნიშებში.

კალენიუსის სიტყვებით, სამყარო უფრო არაპროგნოზირებადი გახდა, რაც ევროპის თავდაცვითი პროფილის გაძლიერების იმპერატივს ქმნის. Mercedes-Benz-ის გააქტიურება არ ნიშნავს მხოლოდ სატვირთოების მიწოდებას. ეს არის ტექნოლოგიური ევოლუცია, რომელიც მოიცავს:
- ავტონომიურ სისტემებს: AI-ზე დაფუძნებული სატრანსპორტო გადაწყვეტილებები, რომლებიც ოპტიმიზებულია ლოგისტიკური რისკების შესამცირებლად.
- ელექტრიფიკაციას: ელექტროძრავების დანერგვა სამხედრო ტექნიკაში ზრდის მათ ეფექტურობას და აკუსტიკურ შეუმჩნევლობას (Stealth), რაც უსაფრთხოების ახალი სტანდარტია.
- დაცვის სისტემებს: Guard სერიის ჯავშანმანქანების ტექნოლოგიების გამოყენება სამხედრო საჭიროებებისთვის.

დასკვნა: Mercedes-Benz-ის დაბრუნება თავდაცვის სექტორში არის რაციონალური პასუხი გლობალური უსაფრთხოების გარემოს ცვლილებებზე. კომპანია, რომელიც ათწლეულების განმავლობაში პრემიუმ სეგმენტის ლიდერი იყო, ახლა თავის საინჟინრო ბაზას გარდაქმნის ტექნოლოგიურ ეკოსისტემად, რომელსაც სახელმწიფოები სტრატეგიულ პარტნიორად აღიქვამენ. ეს ნაბიჯი, ერთი მხრივ, ფინანსური რისკების დივერსიფიკაციაა, ხოლო მეორე მხრივ, საუკუნოვანი საინჟინრო ტრადიციისა და მომავლის ტექნოლოგიური მოთხოვნების სინთეზი. შედეგად, Mercedes-Benz კვლავ ადასტურებს თავის პოზიციას, როგორც არა მხოლოდ ავტომწარმოებლის, არამედ როგორც გლობალური ინდუსტრიული ძალის, რომელიც მზადაა, უპასუხოს დროის ყველაზე კომპლექსურ გამოწვევებს.