BMW X5: როგორ გარისკეს ბავარიელებმა და შექმნეს სრულიად ახალი სეგმენტი - SAV

2025-11-17 634 ნახვა George Lapherashvili
BMW X5: როგორ გარისკეს ბავარიელებმა და შექმნეს სრულიად ახალი სეგმენტი - SAV

XX საუკუნის მიწურულს საავტომობილო ინდუსტრიაში ახალი ტენდენცია იკვეთებოდა: მსოფლიოს მასშტაბით იზრდებოდა მოთხოვნა სპორტული უტილიტარული ავტომობილების (SUV) მიმართ. განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა ამერიკის ბაზარზე იყო, მაგრამ BMW, რომელიც ცნობილი იყო თავისი „მართვის სიამოვნებით“ (Sheer Driving Pleasure) და სპორტული სედანებით, ჯერ კიდევ მოკრძალებულად უყურებდა ამ ნიშას. ბავარიელებმა მაინც გარისკეს და დაამუშავეს იდეა: შეექმნათ ავტომობილი, რომელსაც თამამად გამოიყენებდნენ როგორც უგზოობაზე, ასევე შეინარჩუნებდნენ BMW-სთვის დამახასიათებელ სპორტულ დინამიკასა და პრემიუმ კომფორტს. ასე დაიბადა BMW X5-ის კონცეფცია, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა სრულიად ახალ სეგმენტს Sports Activity Vehicle (SAV).

1994 წელს გერმანელებმა Rover Group შეიძინეს. მასში შედიოდა ისეთი ცნობილი მოდელები, როგორიცაა ლეგენდარული Land Rover. სწორედ ამ გარიგებამ ითამაშა მნიშვნელოვანი როლი ახალი პროექტის დამუშავებაში. BMW-ს ინჟინრებმა მიიღეს ფასდაუდებელი ცოდნა და დაისახეს მიზნად, რომ ახალი, უნიკალური მოდელი BMW X5 უნდა ყოფილიყო მონოკოკური კონსტრუქციის (unibody). გერმანელების მთავარი ამოცანა იყო, ავტომობილის მაქსიმალურად კომფორტული მართვა ნებისმიერ რელიეფზე.

პროექტს სათავეში გენიალური სტრატეგოსი ვოლფგანგ რაიტლი ჩაუდგა, ხოლო E53-ის დიზაინზე პასუხისმგებლები იყვნენ: პიტერ გაბათი, კრის ბენგლი, ვოლფგანგ რაიცლე, ფრენკ სტეფენსონი და ჰენრიკ ფისკერი. წარმოების ხაზის შექმნა აშშ-ში, სპარტანბურგის ქარხანაში დაიგეგმა. ეს გადაწყვეტილება იმით იყო განპირობებული, რომ ახალი პროდუქტი ამერიკის ბაზარზე სწრაფად მიეწოდებინათ. ბავარიელებს ახალი მოდელის შემუშავება და წარმოება დაახლოებით $750 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდათ. ეს იყო კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სარისკო ინვესტიცია. 1999 წლის 10 იანვარს, დეტროიტის ავტოშოუზე (North American International Auto Show), BMW X5-ის დებიუტი შედგა, ხოლო გაყიდვები იმავე წლის ბოლოს დაიწყო. აშშ-ში საბაზისო მოდელის ღირებულება $46,000–$49,000 აშშ დოლარს შეადგენდა.

BMW-ს მარკეტინგული კამპანია ეყრდნობოდა ერთ ცენტრალურ, რევოლუციურ მესიჯს, რომელიც უარყოფდა SUV-ის ძველ წესებს. მათი მთავარი გზავნილი შემდეგნაირი იყო: The Ultimate Driving Machine, Elevated. ხაზი ესმებოდა არა ერთგვარ სარგებლიანობას (Utility), არამედ დინამიკასა და მართვის სიამოვნებას (Activity). თუმცა, ყველაზე ეფექტური კამპანია მაინც BMW-ს მოკლემეტრაჟიანი ფილმების სერია The Hire გახლდათ. BMW-მ პირველი თაობის X5 (E53) 467,995-ზე მეტი ეგზემპლარი გაყიდა, რითაც ის იქცა ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან და წარმატებულ მოდელად ბრენდის ისტორიაში.

დატოვე კომენტარი