აშშ-ის მიერ დაწესებულმა ტარიფებმა და ჩინეთში არსებულმა რთულმა ბიზნეს-გარემომ BMW-ს პირველ ნახევარში მოგების ერთ მეოთხედზე მეტით შემცირება განაპირობა. გადასახადების შემდეგ, მიუნხენის კონცერნმა, მხოლოდ ოთხი მილიარდი ევრო გამოიმუშავა. ეს კი 29%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ზედიზედ მესამე კლებაა პირველ ნახევარში. თუმცა, ამის მიუხედავად, BMW მაინც უფრო სტაბილურად გამოიყურება, ვიდრე სხვა გერმანული საავტომობილო კონცერნები: Volkswagen-მა ისევე როგორც მისმა შვილობილმა კომპანია Audi-მ პირველ ნახევარში მოგების ერთ მესამედზე მეტი დაკარგა, ხოლო Mercedes-Benz-მა ნახევარზე მეტი.
კონცერნის ხელმძღვანელმა ოლივერ ციფსემ BMW-ს ნახევარ-წლიური მაჩვენებლები შეაფასა, როგორც მტკიცებულება იმისა, თუ როგორი მყარია მათი ბიზნეს-მოდელი. მიუნხენელთა გაყიდვები Mercedes-ისა და Audi-სგან განსხვავებით თითქმის სტაბილური დარჩა, 1.2 მილიონი ავტომობილით. თუმცა ბოლო ცნობების მიხედვით მათი ბრუნვა 8%-ით შემცირდა და 67.7 მილიარდ ევრო შეადგინა.
ტარიფებმა, რა თქმა უნდა, BMW-ზეც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, თუმცა თავდაპირველად ხელმძღვანელობას არ გაუკეთებია განცხადება იმის შესახებ, თუ რა დაუჯდა აშშ-ის ტარიფები BMW-ს პირველ ნახევარში. კონკურენტმა Audi-მ ამ ტვირთის მოცულობა დაახლოებით 600 მილიონ ევროდ შეაფასა. თუმცა, ინგოლშტადტელებისგან განსხვავებით, BMW-ს აქვს უპირატესობა, ბავარიელებს საკუთარი ქარხანა აქვ აშშ-ში, რომელიც იქ გაყიდული მანქანების დაახლოებით ნახევარს აწარმოებს. კიდევ 200,000 მანქანა სხვა ქვეყნებში გადის. თუ აშშ-დან ევროპაში მანქანების ექსპორტზე ტარიფები ნამდვილად ათი პროცენტიდან ნულამდე შემცირდება, როგორც ეს ამჟამად განიხილება, BMW ამით გარკვეულწილად ისარგებლებს. თუმცა, ეს ეფექტი შორს არის აშშ-ში ექსპორტზე დაწესებული 15 პროცენტიანი ტარიფებით გამოწვეული ტვირთის კომპენსაციისგან.
ფინანსურმა დირექტორმა ვალტერ მერტლმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ BMW Group-ის ბიზნეს-მოდელი „ტარიფების ტვირთის მიუხედავად“ ხელუხლებელი რჩება. „ჩვენი წარმომადგენლობა აშშ-ში გვეხმარება ტარიფების გავლენის შეზღუდვაში.“ ნახევარ-წლიური მონაცემებით, კომპანია „მკაცრად ინარჩუნებს კურსს“ წლიური მიზნების მისაღწევად. ამაში ხელს უწყობს მაღალი ეფექტურობა და ოპტიმიზებული ხარჯების სტრუქტურებიც.
გერმანელი ავტომწარმოებლები ამჟამად აშშ-ის ტარიფების გარდა, ჩინურ ბაზარზე ფასდაკლების მკაცრი ბრძოლითაც იტანჯებიან. განსაკუთრებით ელექტრომობილებთან დაკავშირებით უჭირთ იქ. უმეტესობამ უკვე დაიწყო სამუშაო ადგილების შემცირების პროგრამები, BMW-მ კი ამის თავიდან აცილება შეძლო.
BMW ახლა მთელ ფსონს, სხვა საკითხებთან ერთად, „ახალ კლასზე“ დებს. პირველი სერიული ავტომობილი სექტემბერში, საერთაშორისო ავტოსალონზე იქნება წარმოდგენილი. კონცერნის ხელმძღვანელი ოლივერ ციფსე ამბობს, რომ: „BMW iX3-ით ჩვენ უპრეცედენტო პროდუქტის წარმოების დაწყებას ვააანონსებთ, ასევე 2027 წლამდე ჩვენ 40-ზე მეტ ახალ და განახლებულ მოდელს გამოვიტანთ ბაზარზე. ყველა სეგმენტსა და ძრავის ტიპში.“