1952 წელს ნისლიან ალბიონზე, კოლინ ჩეპმენმა ერთ-ერთი გამორჩეული საავტომობილო ბრენდი, სახელად Lotus დაარსა. ჩეპმენის მიერ არჩეული სახელი Lotus ბრენდს თავიდანვე მისტიკურობასა და ელეგანტურობას სძენდა. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური ვერსია არ არსებობს, ყველაზე პოპულარული თეორიის თანახმად, ბრენდის სახელი მის მეუღლეს, ჰეზელ უილიამსს უკავშირდება, რომლის მეტსახელიც „Lotus Blossom“იყო. - მარკეტინგული თვალსაზრისით, ეს არჩევანი გენიალური გამოდგა: სახელი „ლოტოსი“ სიმბოლურად სიმსუბუქესთან ასოცირდებოდა. დიახ იმ იმ დროს, როდესაც სხვა ავტომწარმოებლები სიმძლავრის გასაზრდელად ძრავის კუბატურას ზრდიდნენ, ჩეპმენმა რადიკალურად განსხვავებული მარკეტინგული გზა აირჩია. მისი ფილოსოფია ეფუძნებოდა ერთ მარტივ თეზისს: „ეფექტურობა სიმსუბუქის ხარჯზე“ - ჩეპმენის ცნობილი ფრაზა: „Simplify, then add lightness“ (გაამარტივე, შემდეგ კი დაამატე სიმსუბუქე) იქცა არა მხოლოდ საინჟინრო პრინციპად, არამედ Lotus-ის ბრენდის მთავარ დაპირებად.

კომპანიის პირველი სერიული ავტომობილები, მათ შორის Mark VI და Lotus Seven, დიზაინით მინიმალისტური გახლდათ. ისინი ხშირად ე.წ. „Kit car“-ს ყიდდნენ. შეგეძლოთ თქვენივე ფარეხში, როგორც ლეგო ისე აგეწყოთ. კომფორტზე წინ, რა თქმა უნდა, მცირე წონა და კარგი მანევრი იდგა. ამ ფილოსოფიამ სრულყოფილებას 1960-იან წლებში, Lotus Elan-ის დამსახურებით მიაღწია.

Lotus-ი ფორმულა 1-ში 1958 წელს გამოჩნდა და სპორტის ეს სახეობა კარდინალურად შეცვალა. გუნდმა დანერგა ისეთი ახალი იდეები, როგორიცაა მონოკოკური შასი და მოწინავე აეროდინამიკა. 60-იან და 70-იან წლებში Lotus-მა ფორმულა 1-ის კონსტრუქტორთა შვიდი და მრბოლელთა ექვსი ჩემპიონატი მოიგო. ისეთი ლეგენდარული მრბოლელები, როგორებიც იყვნენ ჯიმ კლარკი და ემერსონ ფიტიპალდი, სწორედ Lotus-ით ასპარეზობდნენ. ამან კი ბრენდი ლეგენდად აქცია.

Esprit: სტილი, სისწრაფე და დიდი ეკრანი - 1976 წელს, იტალიელი დიზაინერის, ჯორჯეტო ჯუჯაროს მიერ შექმნილი Lotus Esprit-ით, ბრენდი სუპერქარების ლიგას შეუერთდა. თავისი მახვილი, სოლისებური დიზაინითა და შუაძრავიანი კონფიგურაციით, Esprit იქცა Lotus-ის ყველაზე ცნობად საგზაო სპორტულ ავტომიბილად. თუმცა ბრენდმა პოპულარობის პიკს 1977 წელს მიაღწია, როდესაც გლობალური ყურადღება კინემატოგრაფის საშუალებით მიიპყრო. Esprit Series II ვიხილეთ ისეთ საკულტო ფილმში, როგორიცაა: ჯეიმზ ბონდზე შექმნილ რიგით მეათე ფილმი: The Spy Who Loved Me (ჯაშუში, რომელსაც ვუყვარდი), სადაც ავტომობილი უცებ წყალქვეშა ნავად ტრანსფორმირდა.

მოგვიანებით ისეთ ფილმებში მონაწილეობამ, როგორიცაა Pretty Woman (ლამაზმანი) და Basic Instinct (ძირითადი ინსტინქტი), განამტკიცა Esprit-ის იმიჯი, როგორც მოდური და პრესტიჟული ავტომობილისა. გზებზე ბრიტანელი თავისი დროისთვის შთამბეჭდავ მართვასა და სისწრაფეს აჩვენებდა, თუმცა მისი ფლობა გამოწვევებთან იყო დაკავშირებული. საიმედოობის პრობლემები და აწყობის არათანაბარი ხარისხი მისი რეპუტაციის ნაწილად იქცა. ხშირად გადაცემათა კოლოფი ფუჭდებოდა. მიუხედავად ამისა, Esprit რჩება მეოცე საუკუნის მიწურულის ერთ-ერთ ყველაზე სიმბოლურ, ბრიტანულ სპორტულ ავტომობილად.

კრიზისი და გადარჩენის გზები - 1980 წლისთვის წარმოება კატასტროფულად შემცირდა. წლიური 1200 ერთეულიდან მხოლოდ 383-მდე. გადარჩენისთვის ჩეპმენმა ინტელექტუალური საკუთრების გაცვლის ხელშეკრულება გააფორმა Toyota-სთან. Lotus დაეხმარა Toyota Supra-ს (Mk2) განვითარებაში, რის სანაცვლოდაც მიიღო წვდომა ტოიოტას ნაწილებზე ახალი მოდელის, Lotus Excel-ისთვის. პრობლემები ამით არ დასრულებულად, Lotus-ი ჩართული იყო DeLorean-ის პროექტში, რაც დიდ ფინანსურ სკანდალში გადაიზარდა ბრიტანეთის მთავრობის სუბსიდიების გაფლანგვის გამო. მალევე 1982 წელს, კოლინ ჩეპმენი 54 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. ზუსტად იმ დროს, როცა კომპანიას საგადასახადო ინსპექტორები „ალყაში აქცევდნენ“. სასამართლოზე მოსამართლემ განაცხადა, რომ ჩეპმენი ცოცხალი რომ ყოფილიყო, მას მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა დაემუქრებოდა. 1983 წელს, გაკოტრების პირას მყოფი კომპანია დევიდ ვიკინსმა (BCA-ს დამფუძნებელი) იხსნა. მან მოახერხა ახალი ინვესტორების მოზიდვა და კომპანიის ფინანსური მდგომარეობის სრული შემობრუნება.

ავტოსპორტი და სენას ეპოქა - ფორმულა 1-ის ისტორიაში ცოტაა ისეთი საკულტო კავშირი, როგორიც Team Lotus-ისა და აირტონ სენას (1985-1987) კოლაბორაცია. ეს იყო ეპოქა, როდესაც ბრიტანულმა ინჟინერიამ და ბრაზილიურმა ტალანტმა ავტოსპორტის სამყარო შეაზანზარა. სენასა და ლოტუსის გზები 1985 წელს გადაიკვეთა. აირტომ სენამ პირველივე სეზონში დაამტკიცა, რომ ის ჩვეულებრივი მრბოლელი არ იყო. - მისი პირველი გამარჯვება ესტორილში, კოკისპირულ წვიმაში, დღემდე ითვლება პილოტირების ეტალონად. შავ და ოქროსფერ ფერებში გაფორმებული Lotus 97T, სენას ხელში დაუმარცხებელი ბოლიდი იყო. სამი წლის განმავლობაში მათ ერთად 6 გამარჯვება და 22 პოლ-პოზიცია მოიპოვეს. სენამ ლოტუსს დაუბრუნა ძველი დიდება, ხოლო გუნდმა მას მისცა პლატფორმა, რათა მსოფლიოსთვის თავისი გენია ეჩვენებინა.

Lotus Omega: განსხვავებული ტიპის ლეგენდა - 90-იანი წლების დასაწყისში, Lotus-მა შექმნა ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი და საკამათო ავტომობილი ისტორიაში: Lotus Omega (დიდ ბრიტანეთში ცნობილი, როგორც Lotus Carlton). პრაქტიკულად ბრიტანელებმა გერმანული საავტომობილო ინდუსტრიას, ხელთათმანი ესროლეს და დუელში გამოიწვიეს. Lotus Omega ბაზარზე იმ დროს გამოჩნდა, როდესაც სუპერ-სედანების სამყაროს გერმანელები მართავდნენ - BMW E34 M5 და Mercedes-Benz W124 500E (შექმნილი Porsche-სთან კოლაბორაციით).

მაშინდელი საბაზრო ფასები ასე გამოიყურებოდა:
როგორც ხედავთ, Lotus Omega ბევრად უფრო ძვირი ღირდა, ვიდრე მისი პირდაპირი კონკურენტი BMW M5. ის თითქმის Mercedes 500E-ის საფასო კატეგორიაში გადიოდა, რაც იმ დროისთვის Opel-ის ბაზაზე შექმნილი მანქანისთვის წარმოუდგენელი ამბიცია გალხდათ. პოტენციურ მყიდველებს, აბსოლუტურად ლეგიტიმური კითხვა გაუჩნდათ: „რატომ უნდა გადავიხადო 25,000 მარკით მეტი Lotus-ში, როცა შემიძლია M5 ვიყიდო?“ - პასუხი ძალიან მარტივი იყო: Lotus-ი აძლევდა იმას, რასაც გერმანელები ვერ ბედავდნენ: 280+ კმ/სთ სიჩქარეს და დაუმორჩილებელ ხასიათს ავტობანზე.
Lotus Omega აღჭურვილი იყო: ერთრიგა ექვსცილინდრიანი, ორმაგი ტურბოდაბერვის 3.6-ლიტრიანი ძრავით (C36GET) და დაწყვილებული იყო Corvette ZR-1-ის 6 საფეხურიან გადაცემათა კოლოფთან. ბრიტანელი 377 ცხენის ძალასა და 568 ნ.მ-ს გამომუშავებდა. მას 100 კმ-მდე აჩქარება სულ რაღაც 5.1 წამში შეეძლო.
გარეგნულად ის მოკრძალებულად გამოიყურებოდა, თუმცა გამანადგურებლად სწრაფი გახლდათ. მანქანამ ავტომოყვარულთა წრეებს მიღმაც მალევე გაითქვა სახელი. 90-იანი წლების ბრიტანეთსა და ევროპაში მედიამ Lotus Omega ორგანიზებულ დანაშაულსა და დიდ სიჩქარეზე დევნას დაუკავშირა, რამაც მას თითქმის მითიური სტატუსი შესძინა. პოლიცია ღიად აკრიტიკებდა მის მონაცემებს და აცხადებდა, რომ ავტომაგისტრალებზე მისი გადაჭერა თითქმის შეუძლებელი იყო.

Elise: ბრენდის გადარჩენა - 1990-იანი წლების შუა პერიოდისთვის Lotus კვლავ ფინანსური არასტაბილურობის წინაშე დადგა. პასუხი იყო 1996 წელს გამოშვებული Lotus Elise-ზე. ალუმინის მსუბუქ შასიზე აგებულმა Elise-მა მართვა მის ძირეულ საწყისებამდე დაიყვანა. Elise გახდა Lotus-ის ყველაზე წარმატებული საგზაო ავტომობილი, რამაც აღადგინა ბრენდის ნდობა და საფუძველი ჩაუყარა Exige-სა და Evora-ს. მას აქებდნენ მართვისა და მძღოლის ჩართულობის გამო, თუმცა პრაქტიკულობა და კომფორტი კვლავ მეორეხარისხოვანი რჩებოდა.

თანამედროვე Lotus ტრადიციასა და ცვლილებებს შორის - 21-ე საუკუნეში Lotus-ი გადარჩენის რეჟიმიდან სრულფასოვანი რეინკარნაციის ეტაპზე გადავიდა. ათწლეულების განმავლობაში არსებული ფინანსური არასტაბილურობისა და ვიწრო ნიშური პოზიციონირების შემდეგ, ბრენდის სტრატეგია ფოკუსირდა მისი ძირითადი იდენტობის დაცვაზე, პარალელურად კი აუდიტორიის გაფართოებაზე. ახალი მფლობელებისა და ინვესტიციების დახმარებით, Lotus-მა მოახდინა რეპოზიციონირება: მცირეტირაჟიანი სპორტული მანქანების მწარმოებლიდან ის იქცა გლობალური ამბიციების მქონე მაღალი პერფორმანსის ბრენდად. Lotus არასდროს ყოფილა ყველაზე კომფორტული ან ყველაზე საიმედო ბრენდი, მაგრამ ის მუდმივად გვთავაზობდა რაღაც უფრო იშვიათს, ხოლო ფილოსოფია კი ბრენდს ათწლეულების განმავლობაში, ყველაზე მძიმე კრიზისების დროსაც კი, გადარჩენასა და გამარჯვებაში ეხმარებოდა.
