2026 Honda Prelude: საოცნებო მანქანა თუ იმედგაცრუება?

2026-01-01 182 ნახვა George Lapherashvili
2026 Honda Prelude: საოცნებო მანქანა თუ იმედგაცრუება?

ცოტა ხნის წინ იაპონურმა კონცერნმა 2026 წლის Honda Prelude წარადგინა. სამწუხაროდ, ახალ მოდელს თითქოს აგრესიული ფორმები დაუკარგეს და ვიზუალურად უფრო საბავშვო სათამაშოს დაამსგავსეს. 90-იანი წლების თბილისის ქუჩებში მრავლად დადიოდა მე-4 (BA8) და მე-5 თაობის (BB5) Prelude-ბი. ის ბევრისთვის საოცნებო ავტომობილიც კი გახლდათ. სამწუხაროდ ახალ მოდელზე იგივეს ვერ ვიტყოდი, რადგან ემოციას აღარ გვჩუქნის. რა თქმა უნდა, ეს ჩემი სუბიექტური აზრია და შეიძლება ვცდებოდე მის შეფასებაში.

 

2026 წლის Honda Prelude ტრადიციულად წინა წამყვანია. კაპოტ ქვეშ Civic Hybrid-ის ოთცხილინდრიანი 2.0 ძრავაა დამალული, რომელიც დაწყვილებულია ორ ელექტრო ძრავასთან. ჯამში 200 ცხენის ძალასა და 315 ნიუტონ-მეტრს (Nm) გამოიმუშავებს. ავტომობილი აღჭურვილია: ელექტრონული უსაფეხურო გადაცემათა კოლოფით (eCVT). მას 100კმ/სთ-ს გასავითარებლად, სულ რაღაც 6.0 წამი სჭირდება. 20-25 წლის წინ ეს მონაცემები გასაოცარი იქნებოდა, მაგრამ თანამედროვე სამყაროში ეს საკმარისი აღარაა. ის ისეთი ეკონომიური ავტომობილია, რომ ბევრ ბრენდსაც შეშურდებოდა. მაგალითად ქალაქში 100 კილომეტრზე 4,5 ლიტრ ბენზინს მოიხმარს, ხოლო ტრასაზე შედარებით მეტს 4.8 ლიტრს.

დაკიდების სისტემა, აქ იგივე Civic Rype R-ის ორღერძიანი საკიდარი (dual-axis strut front suspension) გადმოიტანეს. ამ სისტემის ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ ამცირებს ბრუნვით გადახრას (torque steer), ასევე ახალ პრეულდეს აქვს ადაპტური ამორტიზატორები. ავტომობილი აღჭურვილია 19 დუიმიანი დისკებითა და Brembo-ს სამუხრუჭე სისტემით.

Honda Prelude-ის ინტერიერი საკმაოდ მომხიბლელად გამოიყურება. აქ თქვენ დაგხვდებათ სპორტული სავარძლები. მძღოლისთვის გათვალისწინებულია10.2-დიუმიანი ციფრული მართვის პანელი, ხოლო ტორფედოს ცენტრში კი 9.0-დიუმიანი სენსორული ეკრანია განთავსებული. მასში ჩაშენებულია, როგორც Google-ის პროგრამული უზრუნველყოფა, ასევე სტანდარტულად Apple CarPlay და Android Auto ფუნქციები. მუსიკის ხარისხზე კი Bose-ს აუდიო სისტემაა პასუხისმგებელი.

2026 წლის Honda Prelude-ს ღირებულება $43,195-ს შეადგენს, ეს კი საკმოად მაღალი ფასია. მისი უმთავრეს კონკურენტებად შეგვიძლია მივიჩნიოთ: Toyota GR86 და Mazda Miata. შეიძენდით ახალ Honda Prelude?

დატოვე კომენტარი