ძიება

უდაბნოს ახალი მხეცი - Jeep Wrangler Scrambler SRT

უდაბნოს ახალი მხეცი - Jeep Wrangler Scrambler SRT

2026 წლის SEMA-ს ავტოშოუზე Jeep-ის გასაოცარი ქმნილება Wrangler Scrambler SRT ვიხილეთ. პრაქტიკულად ეს ჭეშმარიტი უდაბნოს იარაღია პიკაპის ნიღაბქვეშ. უგზოობისა და უდაბნოს მოყვარულთათვის შექმნილი აღნიშნული მოდელი Wrangler-ის შასიზეა აგებული. ორკარიანი პიკაპი გასული საუკუნის ლეგენდარული Jeep CJ-8 Scrambler-ის (1981-1986 წლები) სულს აცოცხლებს. თუმცა Jeep-მა 2019 წელს Gladiator-ი უკვე დააბრუნა ბაზარზე, Scrambler-ის აღდგენის სურვილი გულშემატკივრებში არ განელებულა. ახლა კი ეს მოდელი ბრენდის მთავარ, ფლაგმანურ მოდელად გვევლინება.კლასიკური Wrangler-ისგან განსხვავებით, Scrambler-ი A-სვეტიდან უკან სრულიად გარდაქმნილია: დაგრძელებული კარები, უნიკალური უკანა ნაწილი, სატვირთო პლატფორმა დამცავი საფარით, ახლებური უკანა კარი და მაღალ სიჩქარეზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამონტაჟებული მტკიცე უსაფრთხოების კარკასი (Roll Cage). რა თქმა უნდა, ჯიპის საუკეთესო ტრადიციებისამებრ, სახურავისა და კარების მოხსნა აქაც უპრობლემოდ შესაძლებელია.Wrangler Scrambler SRT საკმაოდ განიერია. აღჭურვილია მაღალი დაკიდების სისტემითა და BFGoodrich Mud-Terrain T/A KM3-ის გიგანტური უგზოობის საბურავებით. Gladiator-თან შედარებით, მას უფრო კუნთოვანი გვერდები და შედარებით მცირე მინები აქვს, რაც ავტომობილს აგრესიულ იერს სძენს. ეს მანქანა იმდენად ბრუტალურია, რომ უკანა ძარაზე Browning M2 ტყვიამფრქვევი უფრო მოუხდებოდა, ვიდრე სავარძლები. ხოლო Punk’n Orange-ის მკვეთრ ნარინჯისფერის ნაცვლად მასზე საზღვაო ქვეითთა კორპუსის ქვიშისფერი (USMC Sand - FS 33711) უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა.Wrangler Scrambler SRT-ს ცხვირს რომ შევხედე, ზვიგენის ასოციაცია უფრო გამიჩნდა. დიზაინერული გადაწყვეტით ეს არის ძველი ჯიპების (მათ შორის კლასიკური FSJ-ის) ნაცნობი იერის თანამედროვე ინტერპრეტაცია, სადაც მრგვალი ფარები ოთხკუთხა ელემენტებშია ჩასმული. 80-იანი წლების Scrambler-ი ხატად იქცა, რადგან მან წესები დაარღვია. ის სხვანაირად გამოიყურებოდა, სხვანაირად მუშაობდა და გამოხატავდა თავისუფლების იმ სულს, რაც მაშინაც და ახლაც იზიდავს ენთუზიასტებს.Scrambler-მა მიიღო სრულიად ახალი, სპეციალურად მისთვის შექმნილი წინა დამოუკიდებელი დაკიდების სისტემა, რომელიც უგზოობის რბოლების ჩემპიონთან, ქეისი კურისთან (Casey Currie) თანამშრომლობით შემუშავდა. ეს Wrangler-ის ისტორიაში პირველი შემთხვევაა და მისი მიზანი მაღალ სიჩქარეზე სტაბილურობის, საჭის სიზუსტისა და თვლების უკეთესი კონტროლის უზრუნველყოფაა. ამას ემატება ტროფი-ტრაკების სტილში შექმნილი უკანა ხიდი, KMC-ის მტკიცე დისკები, სავალი ნაწილის გაძლიერებული კონსტრუქცია და რაც მთავარია - SRT ძრავის სიმძლავრეს გაუძლოს.კაპოტის ქვეშ V-8 ტიპის ძრავი იმალება, თუმცა Stellantis-ს ჯერ არ დაუზუსტებია მისი კონკრეტული მონაცემები. SRT-ის ემბლემის გათვალისწინებით, სავარაუდოა, რომ ეს იქნება 6.4-ლიტრიანი 392 Hemi V-8 (რომელიც Wrangler 392-ში გვხვდება) ან 6.2-ლიტრიანი Hellcat-ის კომპრესორიანი ძრავი. ამ უკანასკნელს კაპოტზე ჰაერის დიდი შემშვები სჭირდება - ელემენტი, რომელიც Scrambler-ის კონცეპტს ნამდვილად არ აკლია.დაკიდების სისტემა ნასესხებია King of the Hammers-ის რბოლით შთაგონებული Jeep Striker-ის კონცეპტიდან, რომელიც ასევე კურის მიერ იყო შემუშავებული. ფოტოებზე ნათლად ჩანს Fox-ის სპორტული ამორტიზატორები. კურიმ ეს სისტემა რეალურ პირობებშიც გამოცადა, როდესაც კალიფორნიაში, NORRA 500-ის ორდღიან რალიში გამარჯვება მოიპოვა. Striker-ს 707-ცხენისძალიანი Hellcat-ის ძრავი და ღია ძარა ჰქონდა. სწორედ ამ გამოცდილებამ მისცა ინჟინრებს საშუალება, შეექმნათ ავტომობილი, რომელიც თანაბრად ოსტატურად იპყრობს უდაბნოს ქვიშასა და ტექნიკურად რთულ უგზოობის ბილიკებს.Scrambler SRT-ის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და პრაქტიკული დეტალი სატვირთო ნაწილში დამონტაჟებული უკანა სავარძლებია, რომელთა 180 გრადუსით შემობრუნება ან სრულიად მოხსნაა შესაძლებელი. სავარძლები სპეციალურ კაუჭებზე მაგრდება. მათი უკან შეტრიალებით მგზავრებს ღია ცის ქვეშ ჯდომა შეუძლიათ, ხოლო ამოღების შემთხვევაში საბარგულში დიდი ადგილი თავისუფლდება სალაშქრო აღჭურვილობისთვის. პიკაპის გვერდითა ნაწილზე დამატებულია სპეციალური საფეხურიც, რაც საბარგულში ასვლასა და ნივთების ამოღებას ამარტივებს.წინა სავარძლები კი წმინდა სპორტულია - მუქი გრაფიტისფერი ტყავი ნარინჯისფერი ჩანართებით, კონტრასტული ნაკერებით, ბრინჯაოსფერი დეტალებითა და SRT-ის ლოგოებითაა გაფორმებული. მათი ფორმა მძღოლსა და მგზავრს უდაბნოს უსწორმასწორო რელიეფზე სწრაფი მოძრაობისას მყარად აფიქსირებს. თუმცა SEMA-ზე წარმოდგენილი ავტომობილი ჯერჯერობით მხოლოდ კონცეპტია, Stellantis-მა ჯერ კიდევ მაისში განაცხადა, რომ Scrambler SRT Jeep-ის ხუთწლიანი გეგმის ნაწილი გახდება და ბრენდის სათავეში მოექცევა. სერიული მოდელი, სავარაუდოდ, 2028 წლისთვის გამოჩნდება.

მსგავსი სიახლეები

ყველა სიახლის ნახვა