გასული საუკუნის 60-იანი წლების შეერთებულ შტატებში სრულიად ახალი სუბკულტურა ჩამოყალიბდა, რომელმაც ავტოსამყაროს განვითარების ვექტორი სამუდამოდ შეცვალა. ამ გრანდიოზული მოვლენის სათავეში ორი საკულტო ცნება იდგა „მასელ ქარი“ და „პონი ქარი“, რომლებმაც მოგვიანებით ავტოენთუზიასტთა ლექსიკონი სრულად დაიპყრეს.
„მასელ ქარის“ სულისჩამდგმელად და ფუძემდებლად გენიალური ინჟინერი და ანტრეპრენერი - ჯონ დელორიანი უნდა დავასახელოთ. 1964 წელს, General Motors-ის გუნდმა, სწორედ დელორიანის ხელმძღვანელობით, სრულიად ახალი წარმატების ფორმულა შეიმუშავა: ბიუჯეტური Pontiac Tempest-ი აღჭურვეს 348-ცხენისძალიანი 6.4-ლიტრიანი V8 ძრავითა და ოთხსაფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით. კოლოსალურ სიმძლავრესთან ერთად, მათ ავტომობილის დაკიდების სისტემაც საგრძნობლად გააუმჯობესეს. ასე, თითქოს არაფრისგან, ავტოსამყაროს მოევლინა საკულტო მოდელი Pontiac GTO, რომლის აბრევიატურაც იშიფრება, როგორც Gran Turismo Omologato და ის იტალიელებისგან იყო ნასესხები.
თავდაპირველად, General Motors-ს წელიწადში მხოლოდ 5,000 ეგზემპლარის გამოშვება სურდა, თუმცა პროექტს იმხელა გამოხმაურება მოჰყვა, რომ პირველივე წელს 32,450 Pontiac Tempest GTO გაიყიდა. პრაქტიკულად, ქარხანა მოთხოვნა-მიწოდების ზღვარზე იდგა. ავტომობილის ფასი იმ დროისთვის 3,377.91 აშშ დოლარს შეადგენდა. ასე დაუდო სათავე დელორიანის გაბედულმა ნაბიჯმა ამერიკაში „მასელ ქარის“ ოქროს ხანას. 60-იან წლებში 1 გალონი საწვავი სულ რაღაც 30 ცენტი ღირდა, შესაბამისად, პოტენციურ მყიდველს ნაკლებად ადარდებდა ავტომობილის წვა - მათი მთავარი მოთხოვნა სისწრაფე, აგრესიული ექსტერიერი და ხელმისაწვდომობა იყო, რადგან იმპორტირებული ევროპული სპორტული ავტომობილები რიგითი ამერიკელი ახალგაზრდისთვის მიუწვდომელ, მხოლოდ მდიდრების სათამაშოს წარმოადგენდა.
რა თქმა უნდა, დეტროიტელი კონკურენტები გულზე ხელდაკრეფილები არ ისხდნენ ყველას სურდა ისეთი მოდელის გამოშვება, რომელიც ღირსეულ მეტოქეობას გაუწევდა Pontiac GTO-ს. სწორედ ამიტომ, 1964 წელს ბაზარზე ერთმანეთის მიყოლებით გამოჩნდნენ: Ford Fairlane GT, Dodge Coronet R/T, Oldsmobile 442 და Chevrolet Chevelle SS.
თუმცა, კიდევ ერთი მთავარი რევოლუცია კომპაქტურ სეგმენტში მზადდებოდა. 1964 წლის პირველ აპრილს ამერიკელმა მომხმარებელმა იხილა კომპაქტური ფასტბექი Plymouth Barracuda. მოდური დიზაინის, კომპაქტურობისა და ეკონომიურობის წყალობით, „პლიმუტმა“ ახალგაზრდების გული ელვის სისწრაფით დაიპყრო. მათი სლოგანიც ისეთივე მარტივი და უშუალო იყო, როგორც თავად ავტომობილი: „ყველა ასაკისა და ინტერესის ადამიანისთვის“. საბაზისო Barracuda 2,500 აშშ დოლარი ღირდა და ხელმისაწვდომი გახლდათ სამი ტიპის ძრავით, რომელთა შორისაც იყო Chrysler Slant-6 და LA 273 V8 აგრეგატები.

მოვლენები მართლაც ელვის სისწრაფით ვითარდებოდა. „ბარაკუდას“ დებიუტიდან ზუსტად 16 დღეში მსოფლიომ „პონი ქარის“ ყველაზე საკულტო მოდელის დაბადება იზეიმა. 1964 წლის 17 აპრილს Ford Mustang-ის დებიუტი შედგა. საბაზისო მოდელის ფასი 2,368 დოლარს შეადგენდა და მხოლოდ პირველსავე დღეს 22,000 ეგზემპლარი გაიყიდა. მუსტანგის ლეგენდარულ დიზაინზე ჯონ ნაჯარმა, ფილიპ ტ. კლარკმა და ჯო ოროსმა იმუშავეს. „მუსტანგმა“ ინდუსტრიაში სრულიად ახალი სტანდარტები დანერგა. პონი ქარი გახლდათ უფრო იაფი კომპაქტური, მოდური და ამავდროულად საკმარისად სწრაფი ავტომობილი. 60-იან წლებში საბაზისო მოდელის ფასი 2,330-დან 2,557 დოლარამდე მერყეობდა. ის სულ რაღაც 1,162 კილოგრამს იწონიდა და 536 მილიმეტრით მოკლე იყო, ვიდრე მასელ ქარი Pontiac GTO.
თავდაპირველად Mustang-ი ხელმისაწვდომი იყო Thriftpower ექვსცილინდრიანი და Windsor V8 ტიპის ძრავებით. ზუსტად ერთ წელიწადში, 1965 წელს, Ford-მა ახალი ოფციური პაკეტი GT შეიმუშავა, რომელიც ძირითად მოდელზე 158 დოლარით ძვირი ღირდა და გვთავაზობდა როგორც მძლავრ სტანდარტულ, ისე დამატებითი საფასურის სანაცვლოდ შეკვეთილ Windsor HiPo V8 ძრავებს.
ამგვარად, ამერიკულ ავტობაზარზე ჯერ „მასელ ქარი” მოევლინა სამყაროს, ხოლო შემდგომ კომპაქტური „პონი ქარი”. ძირითადი განსხვავება ამ ორ ტერმინს შორის მდგომარეობს იმაში, რომ პონი ქარს აქვს შედარებით კომპაქტური, უჩარჩო ძარის კონსტრუქცია და გამოირჩევა დახვეწილი, ელეგანტური და დინამიკური დიზაინით, ხოლო მასელ ქარი გახლავთ საშუალო ან დიდგაბარიტიანი, ჩარჩოიან პლატფორმაზე აწყობილი ავტომობილი. აგრესიული ექსტერიერითა და რაც მთავარია, აუცილებლად დიდი მოცულობის V8 ძრავით.
60-იანების დასასრულსა და 70-იანების დასაწყისში, როგორც მასელ ქარებისთვის, ასევე პონი ქარებისთვის, ოქროს ხანად ითვლება. თუმცა, ეს ზღაპრული ეპოქა მოულოდნელად დასრულდა. 1973 წელს, OPEC-ში შემავალმა ნავთობმწარმოებელმა ქვეყნებმა უარი განაცხადეს იმ სახელმწიფოებისთვის ნავთობის მიწოდებაზე, რომლებიც მხარს უჭერდნენ ისრაელს. შედეგად, მსოფლიოში ნავთობის ფასი ოთხჯერ გაიზარდა, რამაც გლობალური ეკონომიკა ღრმა რეცესიაში შეიყვანა. საწვავის კატასტროფულმა გაძვირებამ და გარემოსდაცვითმა შეზღუდვებმა მძლავრი V8 ძრავები არაპრაქტიკული გახადა. მასელ და პონი ქარებს აღარავინ წყალობდა, ხოლო ეკონომიურ და პატარა ტრანსპორტზე მოთხოვნა თვალისდახამხამებაში გაიზარდა.
მიუხედავად იმისა, რომ 1973 წლის ნავთობის კრიზისმა ამერიკული კუნთებიანი ავტომობილების ოქროს ხანა მოულოდნელად დაასრულა, მასელ ქარებისა და პონი ქარების ფენომენმა წარუშლელი კვალი დატოვა მსოფლიო ავტოინდუსტრიაში.