ძიება

ექვსი გადამწყვეტი წრე და ანტონელის ტრიუმფი

ექვსი გადამწყვეტი წრე და ანტონელის ტრიუმფი

13.078 წამი - ზუსტად ასეთი უპირატესობით გადაკვეთა ფინიშის ხაზი კიმი ანტონელიმ ამერიკის გრან-პრიზე. იტალიელმა პილოტმა საშუალო (Medium) და მყარი (Hard) საბურავებისგან მაქსიმუმი გამოწურა და სამი გაჩერების ექვივალენტური დისტანცია ერთი სტრატეგიული სვლით დაფარა. თუმცა, ამ გამარჯვების უკან ბევრად მეტი დგას, ვიდრე უბრალოდ საბურავების სწორი შერჩევა: სტარტზე მაქს ფერსტაპენის შეკავება, პიტ-ლეინზე შეუსვლელად ცივი გონების შენარჩუნება და, რაც ყველაზე მთავარია, პიტ-სტოპის შემდეგ გაკეთებული ექვსწრიანი გარღვევა, რომელმაც მერსედესის მოთმინება ოქროდ აქცია.ყველაფერი სტარტზე დაიწყო. ფერსტაპენი რბილ (Soft) საბურავებზე იდგა და პირველივე მოსახვევში შიდა ტრაექტორიიდან უტევდა. ანტონელიმ მშვენივრად ირეაგირა, პოზიცია დაიცვა, ხოლო უკან შარლ ლეკლერსა და მაქსს შორის გაჩაღებულმა ბრძოლამ ანტონელის საშუალება მისცა, 2.3 წამიანი ფორა შეექმნა. ეს უდიდესი ფუფუნება იყო როცა უფრო მყარი საბურავით იწყებ, სუფთა ჰაერზე წინ სვლა და ტემპის კონტროლი საბურავების გადარჩენის საუკეთესო გარანტიაა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მერსედესს ახალი რბილი შემადგენლობა საერთოდ არ ჰქონდა დარჩენილი, ასე რომ, C3 მედიუმით სტარტი ერთადერთი გონივრული გამოსავალი იყო.მე-13 წრეზე ფერსტაპენმა პიტ-ლეინს მიაშურა და ისევ რბილი საბურავები დააყენა. მალევე შევიდნენ ლეკლერი და ჰემილტონიც. ბევრს ეგონა, რომ მერსედესი პასუხს დააბრუნებდა, თუმცა ბრეკლიში რისკზე წავიდნენ. ანტონელის მედიუმები ჯერ კიდევ მუშაობდა, ყოველი დამატებითი წრე კი მომავალი მყარი საბურავების ტვირთს ამცირებდა. ანტონელიმ პირველი მონაკვეთი 24 წრემდე გაწელა და ყოველ წრეზე სტაბილურ 1:41.1 დროს აფიქსირებდა.24-ე წრეზე კიმის C2 ჰარდის საბურავები დაუყენეს. ის ტრასაზე მეოთხე ადგილზე დაბრუნდა ფერსტაპენის, ლეკლერისა და ჰაჯარის უკან. სწორედ აქ დაიწყო ის ექვსწრიანი მონაკვეთი, რომელმაც რბოლის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა. ოცდამეექვსედან 30-ე წრის ჩათვლით, ანტონელიმ ფერსტაპენს 5.2 წამი ამოუქაჩა - თითო წრეზე საშუალოდ წამით სწრაფი იყო. განსაკუთრებით შთამბეჭდავი მეორე სექტორი აღმოჩნდა, სადაც იტალიელი ჩემპიონს თითქმის 3.5 წამით ჯობნიდა. სწრაფ მოსახვევებში მერსედესი იდეალურად იჯდა, კიმის კი ახალი მყარი საბურავები მაქსიმალური აგრესიის საშუალებას აძლევდა. 31-ე წრეზე, როცა Red Bull-მა ფერსტაპენი მეორე პიტ-სტოპზე გამოიძახა, ანტონელის უკვე მთლიანობაში 6.7 წამი ჰქონდა ანაზღაურებული.ლეკლერმა დროებით გაალიდერა, თუმცა 32-ე წრეზე ანტონელიმ ფერარიც ჩამოიცილა და სათავეში მოექცა. დარჩენილი იყო 24 წრე. კითხვა ერთადერთი გახლდათ: გაუძლებდა თუ არა C2 საბურავები ამ ტემპს ბოლომდე? რადგან ვარჯიშებზე ანტონელის ჰარდით გრძელი სერია არ გაევლო, ის და მისი ინჟინერი, პიტერ ბონინგტონი, რადიოთი მუდმივად აზუსტებდნენ დეტალებს. იტალიელი არ შემდრკალა - შემდეგი თორმეტი წრის განმავლობაში ის საათივით აწყობილი 1:39.8 დროებს აფიქსირებდა. ლეკლერმა, რომელმაც მეორე გაჩერება 39-ე წრეზე გააკეთა და უსწრაფესი წრეც (1:37.976) დააფიქსირა, იმედოვნებდა, რომ კიმის საბურავები რბოლის ბოლოს მოკვდებოდა. მაგრამ მერსედესის ტემპი საერთოდ არ დაცემულა.ლანდო ნორისის ერთგაჩერებიანმა სტრატეგიამ და ტრასაზე გამართულმა ჭიდილმა ფერსტაპენსა და ლეკლერთან ფერარის დამატებითი დრო დააკარგვინა. სანამ მდევრები ერთმანეთს უტევდნენ, ანტონელი სრულიად მშვიდად, შეცდომის გარეშე მიუყვებოდა დისტანციას. ბოლო წრებიც კი, სადაც ვალტერ ბოტასის კადილაკის გაჩერების გამო ვირტუალური უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა, მხოლოდ ფორმალობა აღმოჩნდა.აირტონ სენას გამოძახილი 21-ე საუკუნეში - ანტონელის რბოლის მანერა, მისი აგრესიული, თუმცა ამავდროულად საოცრად დახვეწილი ტრაექტორიები მოსახვევებში შესვლისას და განსაკუთრებული ალღო, ბუნებრივად აჩენს პარალელებს 80-90-იანების უდიდეს ლეგენდასთან აირტონ სენასთან. საინტერესოა, რომ თავად კიმის საყვარელი ნომერი 12 სწორედ სენას ეპოქას უკავშირდება. ისევე, როგორც ბრაზილიელი გენიოსი, ანტონელიც მოსახვევში შესვლისას მანქანას მინიმალურ რადიუსზე კეცავს, ინარჩუნებს მაღალ საწყის სისწრაფეს და ტრასის ყველაზე სწრაფ სექტორებში მეტოქეებს შანსს არ უტოვებს. ოსტინის მეორე სექტორში ნაჩვენები აბსოლუტური დომინაცია სწორედ სენასეული სუფთა სისწრაფის და ავტომობილის ზღვარზე გრძნობის დემონსტრირება იყო.ოსტინის გამარჯვება აწყობილი დეტალების ჯაჭვი იყო, რომლის მთავარი რგოლიც პიტ-სტოპის შემდგომი ის ექვსი წრე გახდა. მერსედესი ენდო თავის ახალგაზრდა პილოტს და მის ერთგაჩერებიან სტრატეგიას, ანტონელიმ კი ეს ნდობა უზადო სისწრაფითა და სიმშვიდით გაამართლა. ახლა ჩემპიონატის მარათონი მექსიკაში გადადის, სადაც კიმის, რომელსაც ჯორჯ რასელთან 123-ქულიანი უპირატესობა აქვს, ისტორიული ტიტულის ოფიციალურად გასაფორმებლად მხოლოდ მეცხრე ადგილიც კი ეყოფა.

მსგავსი სიახლეები

ყველა სიახლის ნახვა