ძიება

როგორ დამარცხდა „ტრაბი“ თავისუფალ ბაზართან

როგორ დამარცხდა „ტრაბი“ თავისუფალ ბაზართან

საავტომობილო ისტორიას არაერთი საინჟინრო კურიოზი თუ ხმაურიანი კომერციული კრახი ახსოვს ფუტურისტული, თუმცა პრობლემური DeLorean-ით დაწყებული, ფეთქებადი Ford Pinto-თი გაგრძელებული და უსახური Cadillac Cimarron-ით დამთავრებული. მიუხედავად ამისა, ვერცერთი მათგანი ვერ შეედრება აღმოსავლეთგერმანულ „ტრაბანტს“, რომელიც 1957-დან 1991 წლამდე ცვიკაუს სახელმწიფო საავტომობილო საწარმოში იწარმოებოდა, ხოლო 1958 წლიდან VEB Sachsenring-ის სახელით ცნობილ საწარმოო გაერთიანებაში. „ტრაბი“ უბრალოდ ცუდად აწყობილი მანქანა არ ყოფილა; ის საბჭოთა გავლენის ქვეშ მყოფი გეგმიური ეკონომიკისა და სოციალისტური სისტემის კრიზისის სიმბოლოდ იქცა.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გერმანიის აღმოსავლეთ ნაწილში არსებული ინდუსტრიული ინფრასტრუქტურა საბჭოთა საოკუპაციო ზონაში მოექცა, სადაც 1949 წელს გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა ჩამოყალიბდა. ორ გერმანიას შორის დაპირისპირება მხოლოდ პოლიტიკით არ შემოიფარგლებოდა - ის ტექნოლოგიურ განვითარებასა და ცხოვრების დონესაც მოიცავდა. აღმოსავლეთ ბერლინისთვის საკუთარი საავტომობილო ინდუსტრიის შექმნა პოლიტიკური პრესტიჟის საკითხი გახლდათ. ქალაქ ცვიკაუში, სადაც ომამდე Audi-სა და Horch-ის ლეგენდარული მოდელები იწყობოდა, საავტომობილო წარმოებას დიდი ისტორია ჰქონდა. 1958 წლის 1 მაისს რამდენიმე საწარმოს გაერთიანების შედეგად VEB Sachsenring ჩამოყალიბდა. სწორედ ამ ინდუსტრიულ ცენტრში, 1957 წლის 7 ნოემბერს, Trabant P50-ის პირველი საცდელი სერია გამოვიდა. მისი სახელწოდება გერმანულად „თანამგზავრს“ ნიშნავს და პირდაპირ ეხმიანებოდა იმავე წელს საბჭოთა კავშირის მიერ კოსმოსში გაშვებულ Sputnik 1-ს.

საწყის ეტაპზე წინაამძრავიანი „ტრაბანტი“ სავსებით პერსპექტიულ და გონივრულ საინჟინრო გადაწყვეტილებად გამოიყურებოდა. ომის შემდგომ აღმოსავლეთ გერმანია ფოლადის მწვავე დეფიციტს განიცდიდა, რის გამოც კონსტრუქტორებმა ძარის პანელების დასამზადებლად დუროპლასტი გამოიყენეს. ფოლადისგან განსხვავებით, დუროპლასტი მსუბუქი და კოროზიისადმი მდგრადი აღმოჩნდა, რაც დეფიციტური ლითონის დაზოგვის საშუალებას იძლეოდა. თუმცა, 50-იანი წლების ბოლოსთვის პროგრესული იდეა მალევე იქცა ტექნოლოგიური გაყინვის ხაფანგად, რადგან თავისუფალი ბაზარი აგებულია ჯანსაღ კონკურენციაზე, ხოლო საბჭოთა სისტემა გეგმიური ეკონომიკით სულდგმულობდა. შედეგად, სახელმწიფოს პროდუქტის განახლებისა და მომხმარებლის მოთხოვნებზე რეაგირების სათანადო სტიმული აღარ გააჩნდა.აღნიშნული სტაგნაცია ყველაზე მკაფიოდ 1964 წელს გამოშვებულ Trabant 601-ში აისახა, რომლის ძირითადი ტექნიკური არქიტექტურა თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში უცვლელი დარჩა. ავტომობილი აღჭურვილი იყო წინა განლაგების, ორცილინდრიანი და ორტაქტიანი ძრავით, რომლის მოცულობა სულ რაღაც 594.5 კუბურ სანტიმეტრს შეადგენდა, სიმძლავრე კი 26 ცხენის ძალას არ აღემატებოდა. ოთხსაფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფისა და 615 კილოგრამიანი მსუბუქი კონსტრუქციის მიუხედავად, მანქანის მაქსიმალური სიჩქარე 100 კმ/სთ-ით შემოიფარგლებოდა, ხოლო 24-ლიტრიანი ავზიდან Trabant 601 საშუალოდ 7 ლიტრ საწვავს მოიხმარდა 100 კილომეტრზე. ორტაქტიანი ძრავა საწვავში ზეთის შერევას მოითხოვდა, რის გამოც გამონაბოლქვის მძაფრი სუნითა და დამახასიათებელი ლურჯი კვამლით გამოირჩეოდა. მისი გამონაბოლქვი თანამედროვე ოთხტაქტიან ძრავებთან შედარებით გაცილებით მავნე იყო. მაშინ, როცა დასავლეთ გერმანიაში Volkswagen, Mercedes-Benz, BMW, Opel და Porsche უსაფრთხოების, ეკონომიურობისა და კომფორტის სტანდარტებს განუწყვეტლივ აუმჯობესებდნენ, 1989 წლის „ტრაბანტს“ ისეთი საბაზისო დეტალებიც კი არ გააჩნდა, როგორიცაა საწვავის დონის მაჩვენებელი - მძღოლს ავზში ჩასაყოფი საზომი ღეროს გამოყენება უწევდა. ავტომობილის პასიური უსაფრთხოებაც მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა დასავლურ ანალოგებს.

ტექნიკურ ჩამორჩენილობაზე კიდევ უფრო აბსურდული ის ეკონომიკური რეალობა იყო, რომელშიც ეს ავტომობილი იყიდებოდა. ცენტრალიზებულად დაგეგმილ ეკონომიკაში სახელმწიფო განსაზღვრავდა როგორც წარმოების მოცულობას, ისე ფასებსა და განაწილებას. 60-იან წლებში პოპულარული P601 მოდელი 7,450 აღმოსავლეთგერმანული მარკა ღირდა, მაშინ როცა ჩვეულებრივი მუშის თვიური ხელფასი მხოლოდ 558 მარკას შეადგენდა. 1989 წლისთვის ავტომობილის ფასი დაახლოებით 12,650 მარკამდე გაიზარდა, ხოლო საშუალო თვიური შემოსავალი 800 მარკის ფარგლებში მერყეობდა. ეს ნიშნავდა, რომ მოქალაქეს ყოველდღიური ხარჯების გარეშე თითქმის თექვსმეტი თვის სრული ხელფასი უნდა გადაეხადა. თანხის წინასწარ გადახდის მიუხედავად, მოშლილი მიწოდების ჯაჭვისა და დეფიციტის გამო მყიდველებს კუთვნილი მანქანის მისაღებად 10-დან 20 წლამდე ლოდინი უწევდათ. 1989 წლის ოფიციალური მონაცემებით, ყველაზე ბიუჯეტური ვერსიის საშუალო მოლოდინის დრო 12.5 წელს შეადგენდა. მომხმარებელს ფერის არჩევის უფლებაც კი ჩამორთმეული ჰქონდა. უფრო მაღალი კლასის, ფოლადის ძარიანი „ვარტბურგიც“ დეფიციტური ავტომობილი იყო. ის არა მხოლოდ პარტიული ელიტისთვის, არამედ რიგითი მომხმარებლებისთვისაც იყიდებოდა, თუმცა მისი ნაწილი უცხოური ვალუტის მოსაზიდად საზღვარგარეთ გაჰქონდათ. ამ კლასიკურმა მონოპოლიურმა ხაფანგმა შავი ბაზარი წარმოშვა, სადაც სასოწარკვეთილი მოქალაქეები უკვე რეგისტრირებულ, მეორად „ტრაბანტში“ ოფიციალურ ფასზე ორჯერ მეტს იხდიდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ მანქანა დაუყოვნებლივ მიეღოთ.

„ტრაბანტის“ გარშემო შექმნილი სტაგნაცია აღმოსავლეთ გერმანიის მთელი პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემის ანარეკლი იყო. ქვეყანაში ინიციატივასა და ინფორმაციის თავისუფალ მიმოცვლას ტოტალური კონტროლის მექანიზმი ახშობდა - გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო (გერმ. Stasi). 1989 წლის მონაცემებით, საიდუმლო სამსახურს 91,000 თანამშრომელი და დაახლოებით 180,000 საიდუმლო ინფორმატორი ჰყავდა. ისინი 16.4-მილიონიანი ქვეყნის მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებასა და სამუშაო გარემოს აკონტროლებდნენ. ამ ფონზე სახელმწიფო სტატისტიკა რაოდენობრივი მიღწევებით იწონებდა თავს: 1973 წლის 22 ნოემბერს კონვეიერიდან მემილიონე „ტრაბანტი“ ჩამოვიდა, ხოლო საქსონიის სახელმწიფო არქივის მონაცემებით, 601 მოდელის ყველა მოდიფიკაციის ჩათვლით სულ 2,819,622 ავტომობილი დამზადდა, რომელთა ნაწილი უნგრეთში, ჩეხოსლოვაკიაში, რუმინეთში, პოლონეთსა და მცირე რაოდენობით ისლანდიასა და საბერძნეთშიც კი გავიდა ექსპორტზე. თუმცა რაოდენობრივი მასშტაბი ფუნდამენტურ ეკონომიკურ კრიზისს ვეღარ ფარავდა. 1989 წლის 30 ოქტომბერს სახელმწიფო დაგეგმვის კომისიის ხელმძღვანელმა გერჰარდ შიურერმა (Gerhard Schürer) პოლიტბიუროს საიდუმლო ანგარიში წარუდგინა, რომელშიც ქვეყნის შრომის პროდუქტიულობა დასავლეთ გერმანიას დაახლოებით 40 პროცენტით ჩამორჩებოდა, ხოლო სამრეწველო დანადგარების ცვეთა 53.8 პროცენტს აღწევდა. ანგარიშში საგარეო ვალის მოცულობაც კრიტიკულად იყო შეფასებული. დოკუმენტის მიხედვით, ვალის ზრდის შესაჩერებლად 1990 წელს მოსახლეობის ცხოვრების დონის 25-30 პროცენტით შემცირება გახდებოდა საჭირო.

ისტორიული კვანძი 1989 წლის შემოდგომაზე გაიხსნა, როდესაც მიხეილ გორბაჩოვის პოლიტიკის შედეგად მოსკოვმა აღმოსავლეთ ევროპის რეჟიმების სამხედრო ძალით შენარჩუნებაზე უარი თქვა. 1989 წლის 9 ნოემბერს ბერლინის კედელი გაიხსნა და აღმოსავლეთ გერმანელებმა დასავლეთისკენ თავისუფლად გადაადგილება შეძლეს. მათ შესაძლებლობა მიეცათ, საკუთარი თვალით ენახათ დასავლური ავტოინდსუტრიის მიღწევები. „ტრაბანტი“ ერთ ღამეში იქცა წარსულის გადმონაშთად. ათასობით ოჯახმა მცირეგაბარიტიან მანქანებში ჩაალაგა ბარგი და დასავლეთისკენ დაიძრა. მოვლენა ისტორიაში „ტრაბის ბილიკის“ სახელით შევიდა. დასავლეთ გერმანიაში ჩასული მოქალაქეები საკუთარ ავტომობილებს ხშირად პირდაპირ ქუჩებში ტოვებდნენ ან სიმბოლურ ფასად ყიდდნენ, რადგან მათი მოძველებული ტექნოლოგია, მაღალი გამონაბოლქვი და დაბალი კონკურენტუნარიანობა დასავლურ ბაზარზე მანქანის შენარჩუნებას ნაკლებად მიმზიდველს ხდიდა.

1990 წლის 1 ივლისს ძალაში შესულმა მონეტარულმა კავშირმა და 3 ოქტომბერს გერმანიის გაერთიანებამ, რაც წინ უსწრებდა 1991 წლის 26 დეკემბერს საბჭოთა კავშირის ოფიციალურ დაშლას, აღმოსავლეთგერმანული ინდუსტრია მკაცრი საბაზრო კონკურენციის წინაშე დააყენა. 1990 წლის დეკემბრისთვის აღმოსავლეთ გერმანიის სამრეწველო წარმოება 1989 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მხოლოდ 45.5 პროცენტს შეადგენდა. Sachsenring-ის გადარჩენის ბოლო მცდელობა ჯერ კიდევ 1984 წელს IFA-ს მიერ Volkswagen-ისგან შეძენილ ლიცენზიას დაეფუძნა. 1990 წელს ბაზარზე გამოვიდა მოდერნიზებული Trabant 1.1 - რომელიც Volkswagen-ის EA111 ოჯახის 1.1-ლიტრიანი, ოთხცილინდრიანი ოთხტაქტიანი ძრავით იყო აღჭურვილი. თუმცა მოძველებულ პლატფორმაზე თანამედროვე ძრავის განთავსება დაგვიანებული აღმოჩნდა: Trabant 601-ის სედანის წარმოება 1990 წლის 29 ივნისს შეწყდა, უნივერსალის კი 23 ივლისს. 1991 წლის 30 აპრილს, 39,474 ეგზემპლარის დამზადების შემდეგ, Trabant 1.1-ის კონვეიერიც სამუდამოდ გაჩერდა. ამით დასრულდა ავტომობილის წარმოების 34-წლიანი ისტორია.

დღეს მსოფლიოში დაახლოებით 33,000 „ტრაბანტია“ შემორჩენილი და ცივი ომის ისტორიით გატაცებული კოლექციონერები კარგად შენახულ ეგზემპლარებში 5,000 ევრომდეც კი იხდიან. მიუხედავად ამ რეტრო-ნოსტალგიისა, ცვიკაუს ქარხნის პატარა ავტომობილის მთავარი მემკვიდრეობა უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური და ისტორიული გაკვეთილია: მასობრივი წარმოების ციფრები თავისთავად არ ნიშნავს ინდუსტრიულ წარმატებას, ხოლო იქ, სადაც სახელმწიფო სპობს კონკურენციასა და საინჟინრო თავისუფლებას, ინოვაცია კვდება და საბოლოოდ თავად სისტემაც ინგრევა.

მსგავსი სიახლეები

ყველა სიახლის ნახვა