ძიება

AMB 002: Aston Martin-ის კოსმოსური ურჩხული
Expand

AMB 002: Aston Martin-ის კოსმოსური ურჩხული

2026-09-11 87 ნახვა George Lapherashvili 1 min read

ბრიტანული არისტოკრატიის სიმბოლო Aston Martin-ი ახალ მწვერვალებს იპყრობს. რამდენიმე დღის წინ ბრენდის ისტორიაში პირველი მოტოციკლი წარუდგინეს, რომლის მართვაც საერთო სარგებლობის გზებზე სრულიად ლეგალური იქნება (road-legal). აღნიშნული პროექტი ისევ და ისევ Brough Superior-თან კოლაბორაციის გაგრძელებაა. საქმე იმაშია, რომ მთლად ბრენდის ისტორიაში პირველ მოტოციკლეტს ვერ დავარქმევთ, რადგან 2020 წელს ორმა კომპანიამ სუპერ-ექსკლუზიური მოტოციკლეტი AMB 001 შექმნა, ხოლო მოგვიანებით, 2022 წელს, 225-ცხენისძალიანი ჰიპერ-მოტოციკლი AMB 001 Pro. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მოდელმა საზოგადოება აღაფრთოვანა, მათ ერთი დიდი ნაკლი ჰქონდათ: მათი მართვა მხოლოდ დახურულ სარბოლო ტრეკებზე იყო შესაძლებელი და არა ქუჩებში. წარმოიდგინეთ, მონაკოში იახტით ჩახვედით, გინდათ, რომ ყველას ანახოთ ქმნილება, მაგრამ კანონით გეკრძალებათ ქუჩაში სეირნობა.AMB 002 სულ რაღაც 190 კილოგრამს იწონის. მისი ოთხტაქტიანი, წყლით გაგრილებადი 1,083-კუბსანტიმეტრიანი V-twin ძრავა 128 ცხენის ძალასა და 110 ნიუტონ-მეტრს გამოიმუშავებს. აგრეგატი მოთავსებულია ტიტანის ჩარჩოში. მწარმოებელი ამბობს, რომ მოტოციკლის ჩარჩოს წონა სულ რაღაც 5 კილოგრამს შეადგენს. ამგვარმა მსუბუქმა და კომპაქტურმა კონსტრუქციამ მწარმოებლებს საშუალება მისცა, წონის იდეალური, 50:50 ბალანსი მიეღოთ.Aston Martin-ის მთავარმა დიზაინერმა მარეკ რაიხმანმა (Marek Reichman) აღნიშნა, რომ AMB 002 არის ორი კომპანიის საერთო ვნების, მამაცი დიზაინისა და ინჟინრული ინოვაციების ცოცხალი გამოხატულება, რომელიც უნიკალურ გამოცდილებას ჰპირდება როგორც პილოტებს, ისე პედანტ კოლექციონერებს. ვიზუალური მხარე არანაკლებ შთამბეჭდავია. მოტოციკლის ძარის პანელები დამზადებულია კარბონისგან, რაც მის გარეგნობას განსაკუთრებულ, ბრუტალურ ხასიათს მატებს. მეტიც, პრეს-ფოტოებს რომ გავეცანი, მაშინვე რეჟისორ რიდლი სკოტის „უცხო“ (Alien) დამიდგა თვალწინ.Aston Martin აცხადებს, რომ თითოეული ეგზემპლარი ხელით აეწყობა Brough Superior-ის საწარმოში და რაც მთავარია, შეზღუდული ტირაჟით იქნება ხელმისაწვდომი -  სულ გლობალურად 300 ეგზემპლარი გამოვა. რაც შეეხება ფასს: ჯერჯერობით არ სახელდება, თუმცა მოსალოდნელია, რომ ის AMB 001-ის 100,000-დოლარიან საწყის ფასს შესამჩნევად გადააჭარბებს. პირველი მოდელების მიწოდება 2027 წლის ბოლოსთვის იგეგმება.

დატოვე კომენტარი