ავტომოყვარულებისთვის ეს ნამდვილად დიდი სიხარულია. მიუხედავად იმისა, რომ გლობალური ბაზრისთვის საკულტო ყველგანმავალი ხუთი წლის წინ, ხოლო აშშ-ში (მონტეროს სახელწოდებით) კიდევ უფრო ადრე, 2006 წელს დასრულდა, მისმა ისტორიამ სამ მილიონზე მეტი კმაყოფილი მყიდველი დააგროვა მსოფლიოს 170-ზე მეტ ქვეყანაში
მეხუთე თაობის „პაჯერო“ სრულიად სუფთა ფურცლიდან იწყებს ცხოვრებას. ახალი მოდელი ბევრად უფრო შთამბეჭდავია მეტიც, გვერდიდან რომ შევხედოთ, თითქოს მიცუბიშის დიზაინერმა J250 Prado-ს დიზაინის ელემენტები გამოიყენა. 4.9 მეტრი სიგრძის და 1.9 მეტრი სიმაღლის ეს ავტომობილი თანაბრად კომფორტულია როგორც ჩქაროსნულ მაგისტრალებზე, ისე ურთულეს უგზოობაზე, ის ხომ უკანა და ცენტრალური დიფერენციალის ბლოკირებითაა აღჭურვილი
რაც შეეხება აგრეგატს, მას 204 ცხენის ძალიანი, 2.4-ლიტრიანი ტურბოდიზელის (4N16) ოთხცილინდრიანი ძრავი ექნება, რომელიც 8-სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთანაა დაწყვილებული. ობიექტურად რომ ვთქვათ, უფრო მძლავრ აგრეგატს ველოდებოდი. პაჯეროს ძირითადი საწვავის ავზის მოცულობა 80 ლიტრს შეადგენს, რაც შესამჩნევად მეტია ძველ, 68-ლიტრიან ავზთან შედარებით. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ახალ მოდელს 17-ლიტრიანი ავზი აქვს, რომელიც AdBlue-სთვისაა განკუთვნილი.
ინტერიერზეც ერთი-ორი სიტყვა რომ ვთქვა, სრულიად მოულოდნელ ფუფუნებას ვაწყდებით. სალონში სამი რიგია და შვიდი მგზავრი თავისუფლად თავსდება. ბრტყელი სახურავის წყალობით, მესამე რიგში მსხდომთათვისაც კი სრული კომფორტი და თავისუფალი სივრცეა. უმაღლესი კომპლექტაციის ვერსიები გაწყობილია ტყავით, ხოლო ინტერიერი სავსეა თანამედროვე ტექნოლოგიებით. 
მძღოლისა და მგზავრების განკარგულებაშია ორი დიდი 14.3-იანი ეკრანი, ძლიერი „იამაჰას“ აუდიოსისტემა და სამზონიანი კლიმატკონტროლი. მიუხედავად ციფრული ეპოქისა, დიზაინერებმა შეინარჩუნეს ფიზიკური ღილაკებიც, რაც მართვის პროცესს ბევრად ამარტივებს. ასევე დაბრუნდა ცნობილი „მულტიმეტრიც“, რომელიც ციფრულ ფორმატში აჩვენებს სიმაღლეს, გვერდით გადახრასა და წინა/უკანა დახრას.
მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მისი გაყიდვა ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა, მსოფლიოს თითქმის ასამდე ქვეყანაში ახალი „პაჯერო“ უკვე 2027 წლის მარტამდე გამოჩნდება. ბაზარზე შესვლა ტაილანდიდან დაიწყება, რასაც იაპონია და ავსტრალია მოჰყვება. საბაზისო მოდელის ფასი 68,490 აშშ დოლარიდან დაიწყება. საინტერესოა, თბილისის „მიცუბიშის“ სადილეროში როდის ვიხილავთ და იქნება კი ისეთივე მოთხოვნადი, როგორც ეს 90-იან წლებში იყო?