ღმერთო ჩემო, დაუჯერებელია! მერსედესმა თავისი GLS, ლამის ოცი წლის წინ გამოუშვა, ხოლო ბავარიელებმა X7 ბაზარზე 2019 წელსვე მიაბრძანა, აუდიმ კი... აშკარად რაღაც ძალიან ხანგრძლივი და გემრიელი გერმანული ლუდის წრუპვაში გაატარეს ეს წლები. მაგრამ მოხდა სასწაული! აუდიმ კეთილი ინება და ბოლოს და ბოლოს გამოუშვა სრულფასოვანი, უზარმაზარი ფლაგმანი SUV. გაიცანით: ახალი Audi Q9 და SQ9. - ეს მანქანა იმდენად დიდია, ქუჩაში რომ გაივლი, მზის დაბნელება გგონია. მანძილი ღერძებს შორის 3,140 მილიმეტრია (3.14 მეტრი) ჰმ ეს ხომ Chevy Tahoe-ზე მეტიც კი გამოდის. მიუხედავად მისი დიდი ზომებისა, ინჟინრებმა ისე კომპაქტურად ააწყვეს, რომ მოსახვევებში მარტივად ეტევა და ტანკივით მოუქნელი არ არის.

ინტერიერში სამრიგა სავარძლები გხვდება. გირჩევთ, ექვსადგილიანი ვერსია აირჩიოთ, რადგან მეორე რიგის სავარძლები ისეთი კომფორტულია, თავი ბელუქსის სავარძლებში გეგონებათ. აი ისეთი მისაღებ ოთახში, ტელევიზორის წინ რომ გიდგათ. მესამე რიგშიც სივრცე საკმაოდ ბლომადაა და ზრდასრული ადამიანები თავისუფლად დასხდებიან.

Q9 აღჭურვილია 429 ცხენის ძალიანი, 2.9 ტვინ-ტურბო V6 ძრავით. მასს 100-მდე სულ რაღაც 4.9 წამი სჭირდება. ამხელა მასისთვის ცუდი შედეგი ნამდვილად არაა.
მაგრამ თუ ფსიქოპათი ხართ და მუდმივათ ადრენალინის დანაკლის განიცდით, მაშინ შეგიძლიათ არჩევანი SQ9-ზე შეაჩეროთ. გერმანული ტანკი აღჭურვილი იქნება იგივე აგრეგატით, რაც RS6 Avant-შია მოთავსებული. 4.0 ტვინ-ტურბო V8 ძრავას, 591 ცხენის ძალა აქვს და 0-დან 100-მდე აჩქარება, 3.8 წამში შეეძლება. თუმცა თბილისში ისეთი საცობებია, არამგონია გამოგივიდეთ, მაგრამ რუსთავის ავტოდრომს თუ ესტუმრებით, რა თქმა უნდა, SQ9-ის სრულ შესაძლებლობებს გამოცდით. გახსოვდეთ: ეს მონსტრი 2.5 ტონას იწონის! როცა ამ ზომის ტანკით მოსახვევში შეხვალთ, ფიზიკის კანონები თავიდან დაიწერება.

აუდი ყოველთვის „ფანატი“ იყო ფარების თემაში და არც ახლანდელი ციფრული მატრიცული LED-ებია გამონაკლისი. სისტემა იმდენად ჭკვიანია, რომ გზაზე მომავალ მძღოლებს თვალებს არ წვავს, ხოლო მოსახვევის მაჩვენებელი ისრები პირდაპირ ასფალტზე ასხივებს პროექციას - სუფთა ჰოლივუდია. ფასი? Q9-ის ეკონომ პაკეტის ღირებულება $89,095 (234,123₾)-დან იწყება, ხოლო შეშლილი SQ9-ის კი $119,395 (313,746 ₾) ღირს. შოურუმებში ეს სილამაზეები 2026 წლის ბოლოს გამოჩნდება.