ძიება

Geely კანადის ბაზარზე შედის

Geely კანადის ბაზარზე შედის

ჩინური ავტომწარმოებელი Geely გლობალური არეალის გაფართოებას განაგრძობს და ამჯერად ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარს უმიზნებს. კომპანიამ ოფიციალურად განაცხადა, რომ კანადაში ოპერირებას იწყებს, სადაც პირველი ავტომობილების წარდგენას 2027 წლისთვის გეგმავს. ახალი ბაზრის ასათვისებლად ავტომწარმოებელმა უკვე დაიწყო მზადება ადგილობრივი საცალო ვაჭრობისა და სერვისის ქსელის შესაქმნელად. Geely Auto Canada-ს ცნობით, კომპანია ამჟამად აქტიურად ეძებს საიმედო პარტნიორებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რომელი მოდელები შევა კანადურ ბაზარზე, კომპანიაში აცხადებენ, რომ თავიანთი გლობალური პორტფოლიოდან რამდენიმე გამორჩეულ მოდელს შეარჩევენ. ფასების, ტექნიკური მახასიათებლებისა და პირველი დილერების ზუსტი ადგილმდებარეობის შესახებ დეტალები უახლოეს თვეებში გახდება ცნობილი. ავტომწარმოებლის განცხადებით, მათი კანადური დებიუტი გლობალური ინოვაციებისა და ადგილობრივი გამოცდილების კარგი სინთეზი იქნება, რაც ბაზარზე უმაღლესი უსაფრთხოების სტანდარტების, ინტელექტუალური სისტემებისა და მომავლის ელექტროტექნოლოგიების შეტანას გულისხმობს. Geely-სთვის კანადის ბაზარზე შესვლა ლოგიკური გაგრძელებაა იმ გლობალური შედეგებისა, რასაც კომპანია ჩინეთის ფარგლებს გარეთ აღწევს. 2025 წელს ავტოგიგანტმა მსოფლიო მასშტაბით 3.02 მილიონზე მეტი ავტომობილი გაყიდა (მათ შორის 1.69 მილიონი ელექტრიფიცირებული მოდელი), ხოლო 2026 წლის სექტემბრის მონაცემებით, ჯგუფის გაყიდვებმა უკვე 2.23 მილიონს გადააჭარბა. „კანადა Geely Auto-ს საერთაშორისო ზრდისთვის მნიშვნელოვან შემდეგ ნაბიჯს წარმოადგენს. ამ ბაზარზე გრძელვადიანი გეგმებით შემოვდივართ - კანადელ მძღოლებს ჩვენს ტექნოლოგიურ და საინჟინრო შესაძლებლობებს შევთავაზებთ, პარალელურად კი შევქმნით ძლიერ ადგილობრივ პარტნიორობას, რაც მომხმარებელს Geely-ს არჩევისას სრულ თავდაჯერებულობას მიანიჭებს“, - აღნიშნა Geely Auto Canada-ს მმართველმა დირექტორმა, ბრაიან ვუმ.სავაჭრო ტარიფები და პოლიტიკური ბარიერები - ჩინური ელექტრომობილების ჩრდილოეთ ამერიკაში შესვლაზე საუბარი შეუძლებელია იმ რთული სატარიფო და პოლიტიკური გარემოს გათვალისწინების გარეშე, რაც რეგიონში მოქმედებს. აშშ-სა და კანადის მიერ ჩინური წარმოების ელექტრომობილებზე დაწესებული მაღალი საბაჟო ტარიფები ბევრ აზიურ ბრენდს გადაულახავ ბარიერად ექცა. თუმცა, Geely-ს ამ გამოწვევასთან გამკლავების უნიკალური სტრატეგია აქვს. ერთის მხრივ, კომპანია გეგმავს კანადის მიერ შემუშავებული მოქნილი საგადასახადო შეღავათებითა და კვოტირების პოლიტიკით სარგებლობას, რაც პროდუქციის კონკურენტულ ფასად შეყვანის საშუალებას მისცემს. მეორეს მხრივ, Geely არ არის მხოლოდ ჩინური ქარხნების იმედზე - შეგახსენებთ, ჯგუფის მფლობელობაშია ისეთი დასავლური ბრენდები, როგორებიცაა: Volvo, Polestar და Zeekr, მას საშუალებას აძლევს გამოიყენოს ევროპული და გლობალური საწარმოო ობიექტები, რითაც გვერდს უვლის ჩინურ პროდუქციაზე დაწესებულ მკაცრ შეზღუდვებს. Geely-ს შესვლა კანადის ბაზარზე მხოლოდ ერთი ქვეყნის ათვისებით არ შემოიფარგლება. შეიძლება ითქვას, ეს  ჩინური ავტოგიგანტების სტრატეგიული განაცხადი დასავლურ, მკაცრად კონკურენტულ ბაზრებზე მყარად დამკვიდრებაზე. იმ ფონზე, როდესაც ელექტრომობილების გლობალური რბოლა პიკს აღწევს, Geely ცდილობს დაამტკიცოს, რომ მას აქვს არა მხოლოდ მასშტაბური წარმოების ძალა, არამედ ტექნოლოგიური და სერვისული მოქნილობაც. კანადური დებიუტი შესაძლოა იქცეს იმ სატესტო პლატფორმად, რომელმაც მომავალში ჩინური ბრენდების ტრანსფორმაცია მთელ ჩრდილოეთ ამერიკაში განსაზღვროს.

მსგავსი სიახლეები

ყველა სიახლის ნახვა