ფორმულა ერთის სამყაროში მასშტაბური ცვლილებები იგეგმება. ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია, რომ 2027 წლის სეზონიდან ლეგენდარული იტალიური მოდის სახლი, Gucci, Alpine-ის გუნდის ტიტულოვანი პარტნიორი ხდება. თანამშრომლობის ფარგლებში, გუნდი სახელს შეიცვლის და მომავალი სეზონიდან ასპარეზობას „Gucci Racing Alpine Formula One Team“-ის სახელწოდებით გააგრძელებს. ცვლილებები მხოლოდ სახელს არ შეეხება: გუნდი უარს იტყვის ტრადიციულ ცისფერ და ვარდისფერ ფერებზე და ავტომობილების დიზაინში Gucci-სთვის დამახასიათებელ საფირმო სტილს დანერგავს. გარდა ამისა, მოდის სახლი აფუძნებს ახალ პლატფორმას სახელწოდებით „Gucci Racing“. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ეს იქნება ბიზნესისა და გამოცდილების უნიკალური სივრცე, რომელიც ისეთ ღირებულებებზე დაფუძნდება, როგორიცაა: შესრულების მაღალი ხარისხი, სიზუსტე, დისციპლინა და სრულყოფილება.

Alpine-ის აღმასრულებელმა მრჩეველმა, ფლავიო ბრიატორემ აღნიშნა, რომ ამგვარი დონის ბრენდთან პარტნიორობა მისთვის საამაყოა: „ეს თანამშრომლობა ხაზს უსვამს გუნდის ზრდას და იმ დიდ პოტენციალს, რომელიც Alpine-ს გლობალურ ასპარეზზე გააჩნია“. ბრიატორემ ასევე გაიხსენა, რომ „ენსტოუნის“ გუნდს ყოველთვის ჰქონდა განსხვავებული მიდგომები და მათ წარსულში უკვე დაამტკიცეს, რომ მოდა და ავტოსპორტი წარმატებით შეიძლება თანამშრომლობდნენ.

თავის მხრივ, Gucci-ს პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ფრანჩესკა ბელეტინიმ განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი ბრენდის ამბიციებს სრულად შეესაბამება: „ფორმულა 1 დღეს წარმოადგენს შესრულების, კულტურისა და გლობალური წვდომის უნიკალურ კონვერგენციას. „Gucci Racing“ უბრალოდ ტრასაზე ყოფნაზე მეტია. ეს არის გამოხატულება იმისა, თუ ვინ ვართ და სად გვინდა ბრენდის წაყვანა. და ეს მხოლოდ დასაწყისია. მადლიერნი ვართ Alpine-ის და მთელი Renault Group-ის, რომ ეს ამბიცია ჩვენთან ერთად გაიზიარეს".

აღსანიშნავია, რომ ეს სიახლე Alpine-ასთვის წარმატებული პერიოდის ფონზე გამოცხადდა. 2025 წლის სეზონში გუნდი ცხრილის ბოლოში იმყოფებოდა, თუმცა 2026 წლის სეზონი მათ დამაჯერებლად დაიწყეს და ამჟამად კონსტრუქტორთა ჩემპიონატში მეხუთე პოზიციას იკავებენ. „Gucci Racing Alpine Formula One Team“-ის გამოჩენა 2027 წელს, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტ ინტერესს მიიპყრობს როგორც მოდაში, ისე სპორტში და დაამტკიცებს, რომ ფორმულა 1 აღარ არის მხოლოდ ტექნიკური დუელი, არამედ გლობალური კულტურული ფენომენი, რომელიც ისტორიაში ახალ ფურცელს შლის.