აუდის მოყვარულებო, მოემზადეთ სამწუხარო ამბისთვის: Audi-ს ლეგენდარული ხუთცილინდრიანი ძრავის ეპოქა დასასრულს უახლოვდება! 2.5 TFSI ძრავა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში აღაფრთოვანებდა მძღოლებს თავისი უნიკალური ხმითა და სიმძლავრით, 2027 წლისთვის საბოლოოდ ჩაბარდება ისტორიას. დამნაშავის ძებნას კი ბნელ ოთახში ნუ დავიწყებთ. მიზეზი მკაცრი Euro-7 სტანდარტებია. Audi-სთვის, რა თქმა უნდა, ეს არ არის მარტივი გადაწყვეტილება, მაგრამ რეალობა მკაცრია. ევროკავშირის ახალი Euro-7 გამონაბოლქვის ნორმები, რომლებიც 2026 წლიდან ახალ მოდელებზე, ხოლო 2027 წლიდან ყველა ავტომობილზე გავრცელდება, ძრავის არსებულ არქიტექტურასთან, სამწუხაროდ, შეუთავსებელი ხდება.

Audi-ს ინჟინრებს შეეძლოთ ამ ძრავის მოდერნიზება და ახალ სტანდარტებთან ადაპტაცია, მაგრამ ეს მოითხოვს უზარმაზარ ფინანსურ და ტექნოლოგიურ რესურსებს, რაც შეუსაბამოა იმ ფაქტთან, რომ ხუთცილინდრიანი ძრავით აღჭურვილი მოდელები (როგორიცაა RS3 და TT RS) Audi-ს გაყიდვების მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენენ. ამიტომ Audi-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, გერნოტ დიოლნერმა, ეს ფაქტი უკვე დაადასტურა 2025 წლის IAA გამოფენაზე. - ვის არ უყვარს RS3 ან TT RS? სწორედ ამ მოდელების გულში ფეთქავდა Audi-ს ლეგენდარული 2.5 TFSI ხუთცილინდრიანი ძრავა, რომელიც 400 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. მისი განუმეორებელი სიმძლავრე და, რაც მთავარია, დაუვიწყარი ხმა მართვისას ნამდვილ სიამოვნებას გვანიჭებდა. ეს ხუთცილინდრიანი სიმფონია იყო ის, რაც განასხვავებდა Audi-ს უამრავი სხვა თანამედროვე ტურბო ძრავის „ერთფეროვნებისგან".

Audi-მ განაცხადა, რომ დარჩენილ დროს მაქსიმალურად გამოიყენებს, რათა ხუთცილინდრიანი ძრავა კიდევ ერთხელ წარმოადგინოს საუკეთესო ფორმაში. თუმცა, ორ წელიწადში, უკანასკნელი ასეთი ძრავა საბოლოოდ დატოვებს კონვეიერს. სამწუხაროდ, ხუთცილინდრიანი ძრავის დასასრული არა მხოლოდ ერთი აგრეგატის, არამედ პრაქტიკულად Audi-ს იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილის დასასრულს ნიშნავს. კომპანია სრულად ორიენტირდება ელექტრიფიცირებულ ძრავებზე, რათა მომავლის მოთხოვნებს უპასუხოს, მაგრამ ფანებისთვის ხუთცილინდრიანი ძრავა სამუდამოდ დარჩება ინოვაციის, ძალის და უნიკალური ხასიათის სიმბოლოდ.