2025 წლის ლე მანის პროგნოზი და არაპროგნოზირებადობის ანალიზი

2025-06-13 488 ნახვა George Lapherashvili
2025 წლის ლე მანის პროგნოზი და არაპროგნოზირებადობის ანალიზი

2025 წლის 14-15 ივნისს, ავტოსპორტის სამყაროს მზერა კვლავ სარტის ლეგენდარული ტრასისკენ იქნება მიპყრობილი, სადაც მსოფლიო გამძლეობის ჩემპიონატის (WEC) უმნიშვნელოვანესი ღონისძიება ლე მანის 24-საათიანი რბოლა გაიმართება. სარტის წრე 13.626 კილომეტრს შეადგენს და 24 საათის განმავლობაში, გამარჯვებულ გუნდს, საშუალოდ, 350-ზე მეტი წრის გავლა უწევს, რაც ჯამში 5000 კილომეტრზე მეტია. ეს არის ნამდვილი მარათონი, სადაც მანქანის სიჩქარე, საიმედოობა, გუნდური სტრატეგია და პილოტის ზღვრული გამძლეობა ერთდროულად მოწმდება სრული 24 საათის განმავლობაში დღის ხმაურიან შუქზე, ღამის მისტიკურ წყვდიადში, თუ ცვალებადი ამინდის მოულოდნელობებში. წლევანდელი რბოლა განსაკუთრებული ინტერესითაა ნავარაუდები, რადგან ჰიპერავტომობილების კლასში კონკურენცია პიკს აღწევს, რაც გამარჯვების შანსებს რამდენიმე ძლიერ გუნდს უნაწილებს.

ტიტანების ბრძოლა

ჰიპერავტომობილების კლასი კვლავაც რბოლის მთავარ სანახაობას წარმოადგენს, სადაც ავტომწარმოებლები ერთმანეთს უპირისპირდებიან. 2024 წლის სეზონის შედეგებიდან გამომდინარე, რამდენიმე მწარმოებელი გამოირჩევა, როგორც პოტენციური ფავორიტი, თითოეული საკუთარი უპირატესობითა და გამოწვევებით


Ferrari  - ლე მანის ყველაზე სტაჟიან მონაწილეს, Ferrari-ს, გააჩნია როგორც ტრიუმფის გამოცდილება, ასევე მარცხის. მათი ბოლიდი, Ferrari 499P, როგორც წესი, ელვისებურად სწრაფია, თუმცა 24-საათიან რბოლაში საიმედოობაა ყოველთვის გადამწყვეტია.

Porsche - გერმანელები WEC-ში მრავალი წლის განმავლობაში დომინირებდნენ, მათმა ბოლიდმა Porsche 963-მა კი სეზონის განმავლობაში, არაერთხელ აჩვენა თავისი კონკურენტუნარიანობა. თუ გუნდი შეძლებს მაქსიმალური საიმედოობის შენარჩუნებას, მაშინ დიდების დაბრუნება სრულიად რეალისტურიც იქნება.

Peugeot - ფრანგების ბოლიდი Peugeot 9X8 უნიკალური აეროდინამიკური კონცეფციით, ყოველთვის იპყრობს ყურადღებას. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად გარკვეული გამოწვევები ჰქონდათ, გუნდმა სტაბილური პროგრესი აჩვენა და თუკი მათი ინოვაციური მიდგომა სრულად იმუშავებს, მათ შეუძლიათ კონკურენტებისთვის სერიოზული პრობლემების შექმნა.

BMW - ბავარიელები ლე მანის უმაღლეს კლასში BMW M Hybrid V8 ბოლიდით ბრუნდებიან. WRT-ს გუნდი ცნობილია თავისი პროფესიონალიზმითა და გამძლეობის რბოლებში მრავალწლიანი წარმატებებით. BMW-ს რესურსები და WRT-ს გამოცდილება ამ გუნდის საიდუმლო იარაღია.

Aston Martin – ნისლიან ალბიონზე ამ მომენტს დიდხანს ელოდნენ. ბრიტანელები ლე მანის ასპარეზს Valkyrie-იით უბრუნდებიან – სახელით, რომელიც მითოლოგიაში გმირულ სულებს ვალჰალაში მიაცილებდა. ეს არის Aston Martin-ის ყველაზე ამბიციური ქმნილება, რომელმაც ტრასაზე უნდა იფრინოს. მიუხედავად იმისა, რომ ჰიპერკარების უმოწყალო კლასში მათ ადაპტაციისთვის დრო დასჭირდებათ, კონკურენტებმა იციან, რომ ამ გმირული დაბრუნებით, ლე მანის ბრძოლა სრულიად ახალ, დრამატულ ფაზაში გადადის და ისედაც დაძაბული რბოლა კიდევ უფრო ამაღელვებელი ხდება.

Toyota - იაპონელები წლების განმავლობაში დომინირებდნენ WEC-ში და განსაკუთრებით ლე მანზე, მაგრამ ახალი რეგულაციების ფონზე მათი უპირატესობა შემცირდა. მიუხედავად ამისა, Toyota GR010 Hybrid კვლავ საიმედოობისა და სიჩქარის ეტალონია, რომელსაც შეუძლია კონკურენცია გაუწიოს ნებისმიერ გუნდს, განსაკუთრებით თუ რბოლა შეუფერხებლად წარიმართება მათთვის – რასაც გამძლეობის რბოლებში ხშირად ვერ ვიტყვით.

Cadillac - ამერიკული ავტომწარმოებელი, V-Series.R ბოლიდით სულ უფრო ძლიერ კონკურენტად გვევლინება. მათ არაერთხელ აჩვენეს თავიანთი პოტენციალი და სიჩქარე, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ამერიკის გამძლეობის რბოლებში. ლე მანზე მათ შეუძლიათ მოულოდნელი გარღვევაც, რა თქმა უნდა, მათი წარმატება დამოკიდებულია სტაბილურობის შენარჩუნებაზე.

Alpine - ფრანგული ინჟინერიის განსახიერება Alpine, ჰიპერავტომობილების უმაღლეს დივიზიონში, A424 ბოლიდით ტრიუმფით დაბრუნდა. მათი ასპარეზობა დიდ მოლოდინებთანაა დაკავშირებული, რადგან Alpine ისტორიულად ავტოსპორტში არასდროს უშინდებოდა გამოწვევებს. 


პროგნოზი: ლე მანის არაპროგნოზირებადი ხიბლი

მიუხედავად იმისა, რომ Ferrari და Porsche ამჟამად ყველაზე ძლიერ პრეტენდენტებად გამოიყურებიან, Toyota-ს მრავალწლიანი გამოცდილების უგულებელყოფა არ შეიძლება. ლე მანი ხომ ცნობილია თავისი არაპროგნოზირებადობით და ხშირად მოულოდნელი გამარჯვებულებით, სადაც ტექნიკური პრობლემები ან ერთი არასწორი ნაბიჯი მთელ რბოლას წამებში ცვლის. გავიხსენოთ 2016 წლის ლე მანი, როდესაც Toyota-ს თითქმის განაღდებული გამარჯვება ბოლო წუთებში, ფინიშამდე სულ რაღაც ერთ წრეში, ბოლიდის გაუმართაობამ იმსხვერპლა და ტრიუმფი Porsche-ს დარჩა. მსგავსი დრამატული სცენარები ლე მანის განუყოფელი ნაწილია.

დატოვე კომენტარი