ავტოსპორტის სამყარო დღეს ლეგენდის დაბრუნებას ზეიმობს. Porsche-მ, ლე მანის 24-საათიანი რბოლისთვის მზადების პარალელურად, ჰიპერავტომობილი 963 RSP წარმოადგინა. ეს არ არის უბრალოდ ახალი ავტომობილი; ეს არის ხიდი წარსულსა და მომავალს, სარბოლო ტრასასა და ქუჩას შორის, ერთგვარი მოძრავი ხელოვნების ნიმუში.
პროექტის იდეა Road Atlanta-ზე გამართულ შეხვედრაზე ერთი უბრალო კითხვით დაიბადა: „რა იქნებოდა, თუკი“? იდეა როჯერ პენსკემ და Porsche Penske Motorsport-ის მმართველმა დირექტორმა ჯონათან დიუგუიდმა წაახალისეს და განავითარეს. თავად როჯერ პენსკე დასახელდა დამკვეთად, რის შემდეგაც 963 RSP-ს მისი ინიციალების შესაბამისი სახელწოდება მიენიჭა. ეს ჰიპერავტომობილი 50 წლის წინანდელ თამამ მოგზაურობას ეძღვნება: 1975 წლის 28 აპრილს, ერთადერთი ეგზემპლარი Porsche 917, ვაისახის საკონსტრუქტორო ბიუროდან, არა სარბოლო ტრასაზე – როგორც ყველა 917 მანამდე – არამედ, პირველად, საერთო სარგებლობის გზებზე, პარიზისკენ გაეშურა. ეს იყო გაბედული ავანტიურა, განპირობებული გრაფი როსის ვნებითა და Porsche-ს მცირე გუნდის თავდადებით, რათა მომხმარებლების სურვილები შეესრულებინათ, როგორი უჩვეულოც არ უნდა ყოფილიყო ის.
დიზაინის პროცესი, რომელსაც ცუფენჰაუზენის Sonderwunsch-ის გუნდი და ატლანტას Porsche Classic-ის კოლეგები უძღვებოდნენ, მიზნად ისახავდა 963-ის მაქსიმალურად მიახლოებას 917-ის სულსა და გარეგნობასთან. გრანტ ლარსონმა, Style Porsche-ს სპეციალური პროექტების დირექტორმა, 963 RSP-ის ექსტერიერი ვერცხლისფერისა და შავის პალიტრით წარმოადგინა, ხოლო ინტერიერისთვის ყავისფერი ტყავისა და ალკანტარას ნაზავი შეარჩია. განსაკუთრებული გამოწვევა იყო სამღებრო სამუშაოები, რადგან ჰიპერავტომობილის ძარის დასამზადებლად გამოყენებულია კევლარი და კარბონი. სწორედ ამ მასალების გამო რთული იყო მისი შეღებვა. 963 RSP-ის ექსტერიერი „Martini Silver“ ფერში შეიღება და სამმაგი ლაქით დაიფარა. წინა და უკანა აეროდინამიკური ჭრილების ფორმები მაქსიმალურად მიმსგავსებულია Porsche 917-თან, ხოლო კაპოტზე, ტრადიციული 963-ის გრაფიკის ნაცვლად, ემალირებული Porsche-ს ლოგო განთავსდა.
963 RSP-ს სალონი, სარბოლო 963-ისგან განსხვავებით, გაცილებით მეტ კომფორტს გვთავაზობს. ინტერიერი მთლიანად ტყავითაა გაწყობილი, რაც ამ მანქანას არა მხოლოდ პრესტიჟსა და სიმყუდროვეს ანიჭებს, არამედ უნიკალურ შინაგან პოეზიასაც, რომელიც მას ხელოვნებისა და ტექნოლოგიის შერწყმულ ნამუშევრად აქცევს. ღრმა ქარვისფერი ტყავი ქმნის თბილ კონტრასტს კარბონის ბნელ ჩარჩოებთან. რბილი ზედაპირები თითქოსდა იცავს მძღოლს მანქანის შიგნიდანვე — როგორც ჯადოქრის კაბა, რომელიც ენერგიას ასხივებს. კარბონის სავარძლები, სარბოლო ვერსიის მსგავსად, კონდიცირებულია. ჰიპერავტომობილის საჭე უკვე აღარ წარმოადგენს მხოლოდ მართვის ფუნქციურ ინსტრუმენტს — ის იქცევა ტექნოლოგიური ორკესტრის დირიჟორის ჯოხად, სადაც ყოველ ღილაკს თავისი პარტიტურა აქვს. ასევე აღსანიშნავია სალონში მოხსნადი 3D პრინტერზე ნაბეჭდი ჭიქის დამჭერი, რომელსაც Porsche-ს სამგზავრო ჭიქა ერგება.
ავტომობილის კლირენსი მაქსიმუმამდე გაიზარდა, რათა გზებზე დაბრკოლებები არ შეექმნას. Multimatic DSSV ამორტიზატორები, რომლებიც სარბოლო პროტოტიპებისთვისაა შექმნილი, ყველაზე რბილ მდგომარეობაშია, რათა ქალაქის ქუჩებში კომფორტული მგზავრობა უზრუნველყოს. მართვის ბლოკი (ECU) მოდიფიცირდა, რათა მანქანას მოსახვევის ინდიკატორები და ფარები საგზაო რეჟიმისთვის მოერგოს. რაც შეეხება ძრავს, ჰიპერავტომობილი აღჭურვილია ჰიბრიდული V8 ძრავით, რომელიც 680 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
Porsche 963 RSP პირველად Le Mans-ის 24-საათიანი რბოლის ფარგლებში, Sarthe-ს ისტორიულ ტრასაზე წარდგება იქ, სადაც დრო და სიჩქარე ერთმანეთს ებრძვიან. რბოლის შემდეგ ავტომობილი შტუტგარტში, Porsche-ს მუზეუმში დაბრუნდება. ივლისში კი ის გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე, ლეგენდარული 917-ის გვერდით იქნება წარმოდგენილი. Porsche 963 RSP წარმოადგენს ტექნოლოგიური მემკვიდრეობისა და თანამედროვე ინოვაციების შერწყმის მაგალითს, რაც ასახავს Porsche-ს ვალდებულებას, გააგრძელოს და განავითაროს ავტოსპორტის ისტორია სამოქალაქო ავტომობილების სეგმენტში.