ტოიოტას მორიგ წარმატების ისტორიას 1989 წლის ტოკიოს ავტოშოუზე ჩაეყარა საფუძველი. ბრენდმა კონცეპტუალური მოდელი Recreational Active Vehicle with 4-wheel drive წარადგინა - აღნიშნული ექსპონატი უფრო ფუტურისტული იყო და იმ მომენტისთვის ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მათ წინ ბრენდის ბესტსელერი იბადებოდა. თუმცა საზოგადოების მხრიდან იმდენად დადებითი შეფასება და გამოხმაურება გამოიწვია, რომ კომპანიის ხელმძღვანელობა დააფიქრა შეექმნათ ახალი მოდელი. 1991 წელს პროექტმა მიიღო განხორციელებისთვის საჭირო ნებართვა და შრომისმოყვარე იაპონელებიც შეუდგნენ მუშაობას.
1994 წლის მარტში, ჟენევის ავტოშოუზე RAV4-ის (XA10) დებიუტი შედგა. ეს იყო სრულამძრავიანი SUV, რომელიც მონოკოკურ ძარაზე იყო აგებული. ტოიოტამ ნამდვილი რევოლუცია მოახდინა. ინჟინრებმა და მარკეტოლოგებმა გზა გაუხსნეს ქროსოვერების სამოდელო რიგს. ბაზარზე გამოჩნდა კომპაქტური ავტომობილი, რომელიც თანაბრად კარგად გრძნობდა თავს, როგორც ასფალტზე, ისე უზგოობაზე.
თავდაპირველად Toyota RAV4-ის გაყიდვები, იაპონიაში 1994 წლის მაისში დაიწყო. ბაზარზე ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ სამ კარიანი ვერსიები და საბაზისო მოდელის ფასი დაახლოებით 1.5 - 1.7 მილიონ იაპონურ იენს შეადგენდა, რაც იმ დროინდელი კურსით $15,000 - $17,000 აშშ დოლარს უდრიდა. 31 წლის განმავლობაში ვიხილეთ განვითარების ხუთი საინტერესო ეტაპი. RAV4 ყოველთვის დროის მოთხოვნებს ერგებოდა და მილიონობით ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.
2025 წლის 21 მაისს ტოკიოში შედგა Toyota-ს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელის, RAV4-ის მსოფლიო პრემიერა. მეექვსე თაობა ტექნოლოგიური, დიზაინერული და ეკოლოგიური პასუხისმგებლობის ახალ, უმაღლეს ეტაპს წარმოადგენს, რომელიც ბრენდის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი წინსვლის სიმბოლოდ იქცა. ეს ახალი მოდელი, არსებითად, ცვლის მომხმარებელთან ურთიერთობის ფორმას ტექნოლოგიური ინტეგრაციის, ეკოეფექტურობისა და გაუმჯობესებული მომხმარებლის გამოცდილების უპრეცედენტო კომბინაციის წყალობით.
ახალი RAV4 ინტეგრირებულია ბრენდის უახლეს პროგრამულ უზრუნველყოფის პლატფორმა Arene-თან, რაც მართვის, უსაფრთხოებისა და კომფორტის სრულიად ახალ სტანდარტს აყალიბებს. Toyota Safety Sense-ის უახლესი პაკეტი მნიშვნელოვნად აძლიერებს მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხოებას. მეექვსე თაობის RAV4 ხელმისაწვდომია, როგორც HEV (ჰიბრიდული), ასევე PHEV (დატენვადი ჰიბრიდული).
მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, საკუთარი ცხოვრების სტილის შესაბამისად აირჩიოს სასურველი მოდელი სამი განსხვავებული სტილისტიკიდან:
· Core: დახვეწილი და ურბანული დიზაინით.
· ADVENTURE: გამძლე და თავგადასავლებისთვის მორგებული კონსტრუქციით.
· GR SPORT: სპორტული ხასიათითა და გაუმჯობესებული დაკიდების სისტემით.
გაყიდვების დაწყება იაპონიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში 2025 წლის დეკემბერშია დაგეგმილი, ხოლო ევროპასა და ავსტრალიაში — 2026 წლის პირველ ნახევარში.