Pop-Up მაშუქების გაუჩინარების საიდუმლო

2025-06-13 156 ნახვა George Lapherashvili
Pop-Up მაშუქების გაუჩინარების საიდუმლო

იყო დრო, როცა სპორტული ავტომობილის სილუეტი წარმოუდგენელი იყო მოხდენილი pop-up მაშუქების გარეშე. ისინი ერთ დროს იქცნენ ეპოქის სიმბოლოდ და განუყოფელ ნაწილად, ისეთი საკულტო მოდელების როგორებიცაა: Ferrari F355, Lamborghini Diablo, BMW 850, Lotus Esprit, Mazda RX-7, Chevrolet Corvette და სხვა უამრავი.

 ახალი ათასწლეულის გარიჟრაჟზე, მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან, ავტომწარმოებლებზე მნიშვნელოვანი ზეწოლა განხორციელდა. ევროკავშირი და აშშ-ს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაცია (NHTSA) კატეგორიულად ითხოვდა, რომ ავტომობილების დიზაინი ისე შეცვლილიყო, რომ ქვეითებთან შეჯახების შემთხვევაში შედეგი ნაკლებად ფატალური ყოფილიყო.

წარმოვიდგინოთ სცენარი: ფარებ ამოწეული Ferrari F40 ეჯახება ქვეითს. ასეთ დროს ამოწეული მაშუქები დარტყმას პირდაპირ იღებს, რაც საგრძნობლად ზრდის ტრავმის რისკსა და მის სიმძიმეს. სწორედ მკაცრმა რეგულაციებმა აიძულეს ავტომწარმოებლები შეეცვალათ სპორტული ავტომობილების დიზაინი.

 Pop-up მაშუქები ვიზუალურად მიმზიდველი კი იყო, მაგრამ მათ უკან იმალებოდა ელექტროძრავიანი ან ზამბარიანი რთული, ძვირადღირებული კონსტრუქცია. ეს მექანიზმი მგრძნობიარე იყო გარე ფაქტორების მიმართ როგორიცაა: მტვერი, წვიმა. ტემპერატურის ცვლილებები ხშირად იწვევდა ტექნიკურ გაუმართაობას. ბევრ მფლობელს დღესაც ახსოვს ის „ირონიული“ მომენტები, როცა ერთი ფარი იღებოდა, მეორე კი არა. ზოგჯერ ჩვენი ავტომობილები „ცალთვალა პირატების“ იერს იძენდნენ.

თანამედროვე სპორტული ავტომობილების კონსტრუირებისას, ჰაერის ნაკადის ოპტიმიზაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ pop-up მაშუქები ტექნიკურად ვეღარ აკმაყოფილებენ, როგორც უსაფრთხოების, ასევე წარმოების თანამედროვე სტანდარტებს. შესაბამისად მათი გაუჩინარება იყო ლოგიკური შედეგი ტექნოლოგიური პროგრესისა და უსაფრთხოებაზე გაზრდილი აქცენტის კვალდაკვალ. 

დატოვე კომენტარი