ჩვენი ავტომობილის გამართულობა და უსაფრთხოება პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ რამდენად კარგად ვუვლით მას. რეგულარული სერვისი და ცვეთადი ნაწილების დროული განახლება მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს ჩვენი მანქანის სიცოცხლეს.
ყველაზე ხშირად ავტომობილში უნდა შევცვალოთ:
ზეთი - ძრავის ზეთი არის ავტომობილის „სისხლი“. ის ამცირებს ხახუნს ძრავის მოძრავ ნაწილებს შორის. აგრილებს მათ და წმენდს ნამწვისა და ჭუჭყისგან. დროთა განმავლობაში ზეთი კარგავს თავის თვისებებს, ბინძურდება და ვეღარ ასრულებს ეფექტურად ამ ფუნქციებს. იმისათვის რომ ძრავში მუდმივად სუფთა ზეთი ცირკურილებდეს, საჭიროა ზეთთან ერთად ფილტრის ხშირი ცვლაც.
ჰაერის ფილტრი - ხელს უშლის მტვრისა და სხვა მავნე ნაერთების ძრავში მოხვედრისგან. დაბინძურებული ფილტრი მკვეთრად აფერხებს ჰაერის ნაკადს, ამცირებს ძრავის სიმძლავრესა და წარმადობას. ამიტომ მისი რეგულალური შეცვლა აუცილებელია.
სალონის ფილტრი - უზრუნველყოფს, რომ ავტომობილის სალონში მოხვედრილი ჰაერი იყოს სუფთა, მტვრის, ალერგენებისა და უსიამოვნო სუნის გარეშე. დაბინძურებული ფილტრი აუარესებს ჰაერის ხარისხს სალონში.
ანტიფრიზი - ძრავის გამაგრილებელი სითხე ზამთარში იცავს სისტემას გაყინვისგან, ხოლო ზაფხულში გადახურებისგან. დროთა განმავლობაში ანტიფრიზი კარგავს თავის დამცავ თვისებებს: მასში გროვდება ნადები და ჟანგი, რამაც შესაძლოა დააზიანოს ჩვენი ავტომობილის გაგრილების სისტემა. პრობლემების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ანტიფრიზის დროული შეცვლა.
აალების სანთლები - ძრავში საწვავ-ჰაერის ნარევის აფეთქებას აალების სანთლები უზრუნველყოფენ. დღესდღეობით ბაზარზე ხელმისაწვდომია აალების სანთლების სხვადასხვა ტიპი, როგორიცაა სპილენძის, პლატინისა და ირიდიუმის სანთლები. დროთა განმავლობაში ისინი ცვდება და მათი ეფექტურობა მცირდება.
გაუმართავი აალების სანთლები იწვევენ: ძრავის არასტაბილურ მუშაობას, საწვავის მოხმარების ზრდას და სიმძლავრის შემცირებას. იმისათვის რომ ჩვენი ავტომობილის ძრავა ოპტიმალურად მუშაობდეს, საჭიროა მათი შეცვლა.
ხუნდები - ხუნდები ჩვენი უსაფრთხოების მთავარი გარანტიაა. გახსოვდეს, წინა ხუნდები უკანებზე დაახლოებით სამჯერ უფრო სწრაფად ცვდება. თუ დროულად არ შევცვლით მათ, ფრიქციული მასის შემცირებასთან ერთად, ხუნდის მდგრადობა მაღალი ტემპერატურის მიმართ იკლებს, რაც დამუხრუჭების მანძილს მნიშვნელოვნად გაზრდის. ამავდროულად, გაცვეთილი ფრიქციული მასალა სამუხრუჭე დისკებსაც აზიანებს.