დღეს მინდა გესაუბროთ სისწრაფისა და სტილის ჰარმონიაზე, ავტომობილზე რომელმაც არამხოლოდ სარბოლო ტრასაზე დაამტკიცა საკუთარი ძალა, არამედ კოლექციონერთა თვალშიც უკვდავ ეტალონად იქცა, როგორც ხელოვნების ნიმუში, რომლის ღირებულება წლებთან ერთად მხოლოდ იზრდება. გაიცანით შუაძრავიანი სპორტული ავტომობილი სახელად: Porsche 904. ოფიციალურად ცნობილია როგორც Porsche Carrera GTS. ის დიზაინისა და ტექნოლოგიის ეპოქალური გაერთიანებაა.
ყველაფერი 1962 წელს დაიწყო, როდესაც კომპანიის დამფუძნებელმა ფერდინანდ (ფერი) პორშემ და ტექნიკურმა დირექტორმა ჰანს ტომადამ მიიღეს გადაწყვეტილება, შეექმნათ ავტომობილები, რომელიც GT კლასის რბოლებში ღირსეულ ადგილს დაიკავებდნენ. თუმცა FIA-ს რეგლამენტის მიხედვით, პირველ ეტაპზე საჭირო იყო ასი ერთეული ომოლოგირებული ავტომობილის დამზადება. გერმანელები აცნობიერებდნენ, თუ რა ზღვა სამუშაოები იყო ჩასატარებელი, მაგრამ უკან დახევას არავინ აპირებდა. გუნდი მალევე შეუდგა ავტომობილის დიზაინის შემუშავებას.
მასის შესამცირებლად გადაწყდა, რომ ავტომობილის ძარა დაემზადებინათ მინაბოჭკოვანი მასალისგან. ძარა უკიდურესად მსუბუქი გამოვიდა: ჩარჩოს წონა მხოლოდ 54 კილოგრას შეადგენდა, ხოლო პლასტმასის პანელები 82 კილოგრამს.
ძრავი უკანა ხიდის წინ განათავსეს, უფრო კონკრეტულად ის შუაძრავიანი გახლდათ. თავდაპირველად გეგმავდნენ, რომ Porsche 901-ში გამოყენებული ექვსცილინდრიანით აღეჭურვათ, თუმცა მოსამზადებელი სამუშაოები დიდხანს გაგრძელდა. მათ ამდენი დრო არ ჰქონდათ, რის გამოც მიიღეს მარტივი და გენიალური გადაწყვეტილება. ინჟინრებმა 718 RSK-ს მოდელის 2.0 ლიტრიანი, 4-ცილინდრიანი, ოთხკამერიანი ძრავი (Type: 587/3) გამოიყენეს. ის 180 ცხ.ძ.-ს გამოიმუშავებდა და 5-საფეხურიან გადაცემათა კოლოფთან იყო შეწყვილებული. Type: 587/3 აღიარებულია, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ტექნოლოგიურად რთულ ოთხცილინდრიან ძრავად. რაც შეეხება დაკიდების სიტემას, პორშე 904 აღჭურვილი იყო დამოუკიდებელი წინა და უკანა დაკიდებით, ორმაგი ბერკეტიანი კონსტრუქციით, კოაქსიალური სპირალური ზამბარებითა და რეგულირებადი ამორტიზატორებით.
Porsche 904-ის პრეზენტაცია 1963 წლის 26 ნოემბერს, შტუტგარტის მახლობლად ზოლიტუდის სარბოლო ტრასაზე შედგა. პირველივე დღეს 60 მანქანის შეკვეთა მიიღეს. მყიდველებს არ აშინებდათ არც მაღალი ფასი (29,700 გერმანული მარკა) და არც ის ფაქტი, რომ ფასის მესამედი წინასწარ უნდა გადაეხადათ, ხოლო მანქანის მიღებას კი რამდენიმე თვე დასჭირდებოდა. ავტომობილის წარმოება მხოლოდ 1963 წლის ბოლოს დაიწყო. მასზე იმდენად მაღალი მოთხოვნა იყო, რომ Porsche-მ ასივე ერთეული 904 ელვის სისწრაფით გაყიდა, მათ შორის ისინიც, რომლებიც თავდაპირველად რბოლებისთვის იყო განკუთვნილი.
1964 წლის მარტში, შუაძრავიანი Porsche Carrera GTS, ოფიციალურად ჟენევის 34-ე საერთაშორისო ავტოშოუზე წარადგინეს, როგორც კომპანიის უახლესი სპორტული ავტომობილი. ეს იყო იმ იშვიათი შემთხვევებიდან, როცა სარბოლო ავტომობილი იქმნებოდა ორმაგი დანიშნულებით, როგორც რბოლებისთვის, ასევე საერთო სარგებლობის გზებზე სარგებლობისთვის. სამწუხაროდ მინაბოჭკოვანი მასალისგან დამზადებული მოდელები იმდენად რთული და ძვირადღირებული გახდა, რომ სერიული წარმოება ვეღარ უზრუნველყვეს.